ზუგდიდი შესაძლოა ჩაიკეტოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში არსებულ ვითარებას აფასებს, ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სახლიდან გამოსვლის დროს კი დაიცვან სოციალური დისტანცია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში მოქალაქეთა გადაადგილება გახშირდა, რის გამოც იძულებული არიან ბაზრის დახურვის საკითხი განიხილონ:

,,ქალაქში მომრავლებულია ავტომობილები,  ქუჩებში აღინიშნება ხალხმრავლობა, დაგვჭირდა პოლიციის სრული მობილიზება ბაზართან, სამწუხაროდ პოლიცის მოუწია ჯარიმების გამოწერაც! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ მოსახლეობას – დაიცვან დისტანცია.  ჩვენ ბაზრის ნაწილობრივ ამუშავების გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე,  რომ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება, ბაზარში შეეძინათ პროდუქტები. მაგრამ სამწუხაროდ ის რაც ხდება დღეს ბაზართან ძალიან ცუდია, გვიწევს ისევ პოლიციის ძალების მობილიზება  და ამ საქმეში მათი რესურსის დახარჯვა. ამ საკითხს განვიხილავთ პოლიციასთან ერთად, თუ პოლიცია ჩათვლის საჭიროდ, რომ სიტუაციის გაკონტროლება იქნება შეუძლებელი, ჩვენ მოგვიწევს ბაზრის დაკეტვა. მე ძალიან მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, გაითვალისწინონ იმ მეწარმეების მდგომარეობა ვინც ბაზარში არიან დასაქმებულნი, მათაც უჭირთ. არადა საუბარია ელემენტარული 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაზე და მოწესრიგებულად ბაზარში შესვლაზე.  ჩვენ ვერ გამოვიყენებთ პოლიციის სრულ რესურს ბაზრის გაკონტროლებაში, რადგან მათ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უწევთ რეაგირების მოხდენა“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულს მედიის წარმომადგენლებმა კითხეს ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით:

,,რაც შეეხება ქალაქის ჩაკეტვას – ვითარება ძალიან  სწრაფად იცვლება  და გამორიცხული არაფერი არ არის. ფაქტია, რომ არის ქალაქში ხალხმრავლობა და მოურიდებლობა.  რაც შეეხება სასაფლაოებს – სასაფლაოები დაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ხალხმრავლობები და გადაადგილებები. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება,  სახელმწიფოს ინტერესი არ არის შეზღუდვები, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში, ნუ შეუქმნიან პრობლემას სხვებს და საკუთარ თავს“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში
შემდეგი სტატიასხვადასხვა საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის ნობათების გადაცემა გრძელდება