ზუგდიდი – 32,8%, მარნეული – 22,6% – ცესკო 15:00 საათისთვის არსებული აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს

არჩევნების დასრულებამდე სამი საათი რჩება – 15:00 საათის მიხედვით, ცესკო-ში 55 საჩივარია დაწერილი და ყველაზე მეტი ისევ ზუგდიდშია.

საჩივრების მიხედვით მეორე ადგილზეა მარნეული, მესამეზე – ხულო. ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა სარჩელი პროცედურული ხასიათისაა.

რაც შეეხება ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ბიულეტინების ჩაყრა, რაზეც საუბრობდნენ მარნეულში და იქვე იყო ეჭვი, რომ ერთი და იგივე ამომრჩეველი სხვადასხვა უბანზე ნახეს.

ცესკო-ში განაცხადეს, რომ ამ ფაქტებზე მომდევნო ბრიფინგზე ისაუბრებენ. მათივე განმარტებით, ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან უბნის გარეთ მომხდარ ინციდენტებზე.

„ამ დროის მონაცემებით, ჯამში შესულია 55 საჩივარი მათგან მარნეულში შესულია 17 საჩივარი, ზესტაფონში დაიწერა 4, ხულოში 7, ხოლო ზუგდიდში 26 საჩივარი, ოზურგეთში ერთი საჩივარია. ძირითადი ნაწილი შეეხება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს.

“რა თქმა უნდა საარჩევნო უბნის გარეთ თუ არის დაძაბული ვითარება არის სამწუხარო, საარჩევნო ადმინისტრაცია უბნებს გარეთ მიმდინარე პროცესებს პასუხს ვერ აგებს, მის უფლებამოსილებას სცილდება,“- განაცხადა პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგზე ანა მიქელაძემ განაცხადა, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აქტივობამ 21% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 9 226 ამომრჩეველი.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მონაცემებით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ახმეტა – 36,4% (444 ამომრჩეველი), მარნეული – 22,6% (22 553 ამომრჩეველი), ადიგენი – 42,9% (482 ამომრჩეველი), ზესტაფონი – 30,5% (16 737 ამომრჩეველი), ჭიათურა – 32,4% (13 908 ამომრჩეველი), ტყიბული – 29,6% (1054 ამომრჩეველი), წყალტუბო – 35,4% (1493 ამომრჩეველი), ოზურგეთი – 31,7% (1613 ამომრჩეველი), ზუგდიდი – 32,8% (39 678 ამომრჩეველი), ხულო – 40,6% (9 782 ამომრჩეველი).

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი 56,4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად არის 257 ამომრჩეველი. ცესკო-ს ინფორმაციით, საგარეჯოში სულ 456 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ, ისეთი დასკვნები წამოვა
შემდეგი სტატიაზუგდიდში დაკავებული ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე თავისუფალია