ზოზია ქარდავას წარმატება ეგვიპტეში

ქართველმა ჩოგბურთელმა, ზოზი ქარდავამ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ იუნიორთა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 17 წლის ქარდავამ ერთეულთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, წყვილთა გათამაშებაში კი მე-2 ადგილზე გავიდა.

ზოზი ერთეულთა თანრიგში მე-5 ნომრად იყო განთესილი და საკმაოდ რთული მატჩების ჩატარება მოუწია. მან საწყის შეხვედრაში რუს დაიანა შნაიდერს იოლად აჯობა, თუმცა 1/4 ფინალსა და 1/2 ფინალში პირველი პარტიები დათმო და მებრძოლი ხასიათის გამოვლენა დასჭირდა.

რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, ისიც ძალიან დაძაბული გამოდგა. ქარდავამ, 16 წლის ფრანგ ჯულია მორლესთან ასევე პირველი სეტი წააგო, თუმცა შემდეგ ძალები მოიკრიბა და ტიტული არ დათმო, თანაც ბოლო პარტია ტაიბრეიკზე აიღო – 4:6; 6:1; 7:6.

წყვილთა შორის, ქარდავა სწორედ მორლესთან ერთად ასპარეზობდა. ხსენებული დუეტი ფინალამდე ძალიან იოლად მივიდა და 3 შეხვედრის ჯამში, მხოლოდ 11 გეიმი წააგო.

ქართველსა და ფრანგს სატიტულო მატჩში მეტოქედ რუმინულ-რუსული წყვილი – კეიტა/შნაიდერი ჰყავდათ, რომელთანაც ფავორიტადაც მიიჩნეოდნენ, თუმცა 2 სეტში 6:7; 4:6 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ ქარდავა რუსეთშია დაბადებული და ტურნირებზე ამ ქვეყნის სახელით მონაწილეობდა, თუმცა გასული სეზონიდან მოყოლებული ისტორიული სამშობლო აირჩია და ტიტულების მოგებას საქართველოს დროშის ქვეშ ეცდება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ლინკოლნ მიჩელი 2008-2010 წლებში აფხაზეთის და ე.წ “სამხრეთ ოსეთის” ლობისტური კომპანიის თანამშრომელი იყო
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – საპრეზიდენტო არჩევნებსა და მხარდაჭერის საკითხზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ვართ