ზონალურ-საათობრივი პარკირება დედაქალაქში დამატებით 1 315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება

თბილისში, ჯამში, 5 000-მდე საპარკინგე ადგილზეა შესაძლებელი ავტომანქანის გაჩერება საათში ერთ ლარად. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში დამატებით 1 315 საპარკინგე ადგილზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება.

„შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ადგილს შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირება. სადგურის მოედანზე, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩებზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება. გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. სამგორში, როგორც „ვარკეთილის“ მეტროს მიმდებარედ, ისე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 ადგილი იფუნქციონირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პარკირება ზემოთხსენებული ქუჩების მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო იქნება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციისთვის საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები იმოქმედებს დოლიძის ქუჩა №24-ში, ალექსიძის ქუჩა №1-ში, ბახტრიონის ქუჩა №13-ში, ბახტრიონის ქუჩა №30-ში, ცინცაძის ქუჩა №61-ში, ლორთქიფანიძის ქუჩა №10-ში, აბასთუმნის ქუჩა №1ა-ს მოპირდაპირედ, სადგურის მოედანზე, კერძოდ, გოგოლის ქუჩა №32-ში, გობრონიძის ქუჩა №2ა-ში და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს
შემდეგი სტატია“სრულად გამოთაყვანდნენ”: სააკაშვილი ხელაშვილის განცხადებაზე