ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება

ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა, კერძოდ, K1 და K2 პარამეტრის დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

„მუნიციპალიტეტი არც თუ ისე ძლიერია ისეთი ტიპის დარღვევების აღკვეთის მიმართ, როგორიც უკანონო მშენებლობებია, რადგან ზოგადად პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც მოქმედებს ჩვენს დედაქალაქში, მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები პირდაპირ თუ ირიბად მაინც ახერხებენ ეკონომიკური სარგებლის მიღებას. მე დავავალე ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. დღედ უკვე დასრულებულ პაკეტს გადავუგზავნოთ საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, როდესაც ჯარიმები გაათმაგდა.

„რა თქმა, უნდა ამან გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა ეს არ არის ის, რაც გვინდა, საბოლოოდ მივიღოთ. როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით იღებენ. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის უბანულად სწორად განვითარება და მიგვაჩნია, რომ არც ერთი ჯარიმა და მის ხარჯზე ბიუჯეტში შესული თანხები არ არის იმ ზიანის ტოლფასი, რომელსაც სამშენებლო დარღვევების შედეგად ზოგიერთი სამშენებლო კომპანია აყენებს ჩვენს ქალაქს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავხდით იძულებულები, ამ ცვლილებებით წავსულიყავით რადიკალიზაციაზე და მიგვეღო რადიკალური ზომები. ეს ცვლილებები ითვალისწინებს ზოგიერთ სამშენებლო მიმართულების დარღვევაზე სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას, ანუ თუ იყო ადმინისტრაციული, უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მექანიზმი მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს გვაწუხებს ქალაქში. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება K1 და K2 პარამეტრის დარღვევის, ასევე სიმაღლის პარამეტრის დარღვევის, უნებართვო მშენებლობის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობისთვის, რაც ნიშნავს ამ აქტის დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამშენებლო მიმართულებით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომდევნო კვირაში დეტალური პრეზენტაცია გაიმართება.

„დღეს ამ კანონპროექტის პაკეტს გადავაგზავნით პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ყველა დეპუტატი მაქსიმალურად იქნება ჩართული. ასევე, მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ ჩვენს სამსახურებთან ერთად იყოს სრული კომუნიკაცია და თანამშრომლობა პარლამენტთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება
შემდეგი სტატია22 ივნისს “მაგთი კლუბში” ზურა ლალიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება