,,თაიმერი” თავის მკითხველს ხშირად აცნობს იმ ადამიანებს, რომლებიც თითო აგურს მაინც დებენ ქვეყნის სასიკეთოდ. ზოგი დიდ საქმეს ზოგი პატარას, მაგრამ აკეთებენ საქმეს ქვეყნისთვის და ისტორიისთვის.
ნინო ბურჭულაძე – პროფესიით ჟურნალისტი, მოწოდებით მებრძოლი ადამიანი, რომელიც არასოდეს კარგავს მომავლის იმედს.
ნინო ბურჭულაძე საზოგადოებამ თავიდან პრესის ფურცლებიდან გაიცნო. მისი ჟურნალისტური კარიერა ყოველთვის დაკავშირებული იყო ქვეყანაში მიმდინარე აქტიურ მოვლენებთან. ყოველთვის იყო იქ, სადაც ბევრი ვერ ბედავდა მისვლას და ყოველთვის აკეთებდა იმას, რასაც ბევრი ვერ ბედავდა ბნელ 90-იანებში.
მოკლედ, ნინო ყოველთვის იყო ცხელი მოვლენების წინა ხაზის ჟურნალისტი.
მერე იყო საყდრისის აფეთქება და ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისთვის. ბევრმა ნინო ბურჭულაძე, სწორედ აქედან გაიცნო.
იყო ბევრი წინააღმდეგობა, ბევრი ზეწოლა, მაგრამ ნინო იბრძოდა დაუღალავად.
იგივეს აგრძელებს დღესაც. თუმცა საყდრისი დარჩა წარსულში.
დღეს, ქვემო-ქართლი მის სამუშაო ადგილად იქცა. გარემოს დაცვა კი მისი პრიორიტეტი გახდა.
ნინო ბურჭულაძე სამუშაო ჯგუფთან ერთად დადის ქვემო ქართლის სოფლებში და ხვდება მოსახლეობას. იქაურ მაცხოვრებლებს ინფორმაციას აწვდის
,,არემჯის” საწარმოს გარემოსდაცვითი მონიტორინგის შესახებ.
მოსახლეობა კარგად იცნობ ნინოს და ენდობიან მას. ამიტომ მათი შეხვედრა ყოველთვის ხალხმრავალი და საქმიანი აზრთა გაცვლით სავსეა.
ამ ყველაფერთან ერთად ნინო ბურჭულაძემ საფუძველი ჩაუყარა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც აფხაზეთის მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის სახელით გაკეთდა.
ორგანიზაციამ კულტურული მემკვიდრეობისათვის, მოიპოვა უნიკალური კადრები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპაციიდან 30 წლის შემდეგ იქნა მონახულებული და ვიდეო კადრებზე ასახული.
ეს იყო ექსკლუზიური კადრები მე10 საუკუნის მოქვის საკათედრო ტაძრიდან, ასევე ბედიის მონასტრიდან გადაღებულია ბაგრატ მე-3 სამარხი.
ორგანიზაციამ ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის” ასევე მოიპოვა კადრები თუ რა ხდება დღეს დრანდის ტაძარში, რომელიც მე-6 და მე-7 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია.
ორგანიზაციას კულტურული მემკვიდრეობისათვის მოპოვებული აქვს სოხუმის სახელმწიფო მუზეუმიდან დემეტრე თავდადებულის და თამარ მეფის ფრესკების ამსახველი ვიდეო-კადრები.
არ უნდა დაგვავიწყდეს ხულუტის ციხე-დარბაზის სამეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება, რომელიც ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრების ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ გადაწყდა.
ერთერთი უმთავრესი შრომა, სწორედ ნინო ბურჭულაძემ გასწია.
როგორც ნინო ბურჭულაძემ ,,თაიმერთან” საუბარში აღნიშნა, ეს არ არის ყველაფერი რაც აფხაზეთში გადაიღეს. ორგანიზაცია მოგვიანებით, საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს, თუ რა კეთდება კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, როგორც ოკუპირებულ, ასევე დანარჩენ საქართველოში.