ჟვანიას, კეკელიძისა და შატბერაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიების კომპლექსურ შესწავლას ითხოვენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, აგრძელებს ვაკეში, ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩების მიმდებარედ განახლებული სამშენებლო პროცესების მონიტორინგს. ფრაქციის წარმომადგენლებს რამდენიმე თვეა აქტიური კომუნიკაცია აქვთ თბილისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველ პირებთან.
საკითხი ეხება ე.წ. პროკურორების კორპუსის მშენებლობის განახლებას, რომელიც მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდზე მიმდინარეობს და საშიშროებას წარმოადგენს ფერდის მეწყერული მდგომარეობიდან გამომდინარე. ფრაქციამ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან გამოითხოვა და დეტალურად შეისწავლა აღნიშნული კორპუსის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს „საინჟგეოს“ მიერ ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც 2016 წლის აპრილით თარიღდება და შეუსაბამობაში მოდის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ მდინარე ვარაზისხევის ხეობის გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდრავლიკური კვლევასთან, რაც თანამედროვე ციფრული ელექტრო საძიებო ხელსაწყოების გამოყენებით განხორციელდა.
ფრაქციის წევრებმა ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების საკითხთან დაკავშირებით, საკითხის მოკვლევის შემდეგ, აქტიური სამუშაო შეხვედრები დაიწყეს მიმდინარე წლის მაისიდან. 14 მაისს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, 24 მაისს კი გაფართოებულ ფორმატში ჩართული იყო გადაწყვეტილების მიმღები ყველა უწყების ხელმძღვანელი პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებიდან, თბილსერვის ჯგუფიდან, გარემოს ეროვნული სააგენტოდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრიდან. აღნიშნულ შეხვედრაზე რეკომენდაციები წარმოადგინეს კანადის სამშენებლო ნორმების კომისიისა და ლორენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის სეისმოლოგებმაც, რის შედეგადაც, 29 მაისს, ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ გამართა ბრიფინგი და თბილისის მერიას გადაეგზავნა 4 პუნქტიანი წერილი, სადაც დეტალურად გაწერილია ის რეკომენდაციები, რისი შესრულებაც აუცილებელია ჟვანიას ქუჩისა და მის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის. 4 ივლისს, როდესაც თბილისის მერიამ ჩაიბარა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ბატონმა კახა კალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გენგეგმის მიხედვით, გაწერილია ქაოტური განაშენიანების დარეგულირების საკითხი, რაც გეოლოგიური კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. თბილისის მერის თქმით, განსაკუთრებით სენსიტიურ ტერიტორიებად ჟვანიას ქუჩა, ვერეს ხეობა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია ითვლება. აღნიშნული ბრიფინგს ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ გამოეხმაურა და პოზიტიურად შეაფასა თბილისის მერიის პოზიცია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა გაუარესებულია და აღნიშნულ ტერიტორიაზე თვითნებურად მიმდინარეობს მშენებლობები. განახლდა როგორც ე.წ. პროკურორების კორპუსის მშენებლობა, ასევე მასთან ახლოს მდინარის ხეობაში ჩაყრილია სამშენებლო ინერტული მასალა. კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება კოლექტორის თემაც, რომელიც 1000 მმ დიამეტრისაა და არ არის საკმარისი უხვი ნალექის გასატარებლად. მიუხედავად ამისა, მოხდა აღნიშნული კოლექტორის 297 მეტრით დაგრძელება და მას დამატებით მიუერთეს 4 ერთეული 1000 მმ-იანი კოლექტორი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფრაქციას არაერთგზის ჰქონდა კომუნიკაცია როგორც თბილისი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან, რომლებსაც გამოკვეთილი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ დაბეჯითებით მოითხოვს ჟვანიას, კეკელიძისა და შატბერაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიების, ასევე მდინარე ვარაზისხევის ჭალისა და მარცხენა და მარჯვენა ფერდების კომპლექსურ და საფუძვლიან შესწავლას კომპეტენტური სპეციალისტების მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ფარგლებში, რათა საბოლოოდ მოიხსნას ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის დღეს არსებული უსაფრთხოების მაღალი რისკები.

banner
წინა სტატიაშიპრინტის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბიძინა ივანიშვილის დაკავებას ითხოვს