5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ჟურნალისტური გამოძიება: ირლანდიაში მდებარე ალუმინის ოქსიდის ქარხანა შესაძლოა, ამარაგებდეს რუსეთის სამხედრო საწარმოებს

„კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის (OCCRP)-ის, „ვაჟნიე ისტორიების“, „აირიშ თაიმსისა“ და მათი პარტნიორების მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში ნათქვამია, რომ რუსი მილიარდერის, ოლეგ დერიპასკას ალუმინის ოქსიდის ქარხანა ირლანდიაში შესაძლოა, ამარაგებდეს რუსეთის სამხედრო საწარმოებს, სადაც უკრაინაში ომისთვის საჭირო რაკეტები მზადდება.

მასალაში აღნიშნულია, რომ ევროპაში ალუმინის წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის, ალუმინის ოქსიდის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანა „რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის მომარაგების ჯაჭვშია ჩაბმული“.

„როგორც ირკვევა, ამ ნედლეულის მიწოდება ხდება ირლანდიაში მდებარე Aughinish-ის ქარხნიდან, რომელიც „რუსალს“ ეკუთვნის. „რუსალის“ დამფუძნებელი კი, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ „შავ სიაში“ არის შეყვანილი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა. ალუმინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო ტექნიკის წარმოებაში, ირლანდიაში მდებარე ქარხანა Aughinish კი, ევროპული ინდუსტრიისთვისაც მნიშვნელოვანია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული ქარხნიდან რუსეთში ალუმინის ოქსიდის მიწოდება გაორმაგდა. ამასთან, ევროკავშირს არ აქვს აკრძალული ალუმინის ოქსიდის რუსეთში ექსპორტი“, – აღნიშნულია მასალაში.

როგორც საგამოძიებო მასალაშია აღნიშნული, ირლანდიური ალუმინის ოქსიდი მიეწოდება „რუსალის“ ქარხნებს რუსეთში, ხოლო იქ წარმოებული ალუმინი სამხედრო წარმოებისთვის გამოიყენება.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2024 წელს მხოლოდ კრასნოიარსკისა და საიანოგორსკის ქარხნებში შეტანილი ალუმინის ოქსიდის ღირებულებამ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

„სამხედრო საწარმოები ამ ნედლეულს შუამავალი კომპანიის, АСК-ის მეშვეობით იღებს, რომელიც ფორმალურად „რუსალთან“ არ არის დაკავშირებული. 2022–2024 წლებში ამ კომპანიამ „რუსალის“ სავაჭრო წარმომადგენლობას ალუმინისთვის 50 მილიარდ რუბლზე მეტი გადაუხადა. მონაცემების მიხედვით, ამ ალუმინის მესამედზე მეტი მოდის სწორედ იმ ქარხნებიდან, რომლებიც ირლანდიური ალუმინის ოქსიდის მთავარი მიმღებები არიან. АСК შემდეგ ამ ალუმინს ყიდის, მისი კლიენტები არიან სამხედრო საწარმოებიც. მათ შორის არზამასის ქარხანა, რომელიც აწარმოებს Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებს, ვოტკინსკის ქარხანა – აწარმოებს „ისკანდერ-М“-ის ბალისტიკურ რაკეტებს, ასევე, ამ ალუმინით მზადდება რუსული ტანკების ძრავები“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ „ფორმალურად АСК უბრალოდ შუამავალია, თუმცა კავშირები „რუსალთან“ თვალსაჩინოა. АСК-ს თანამშრომლების ნაწილი „რუსალში“ მუშაობდა, ოფისები ხშირად ერთ მისამართზეა რეგისტრირებული და Aughinish-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია სრულად იცავს ევროკავშირის კანონებს და ატარებს სანქციებთან შესაბამისობის შესაბამის შემოწმებებს, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე, გამოიყენება თუ არა მათი პროდუქცია რუსულ შეიარაღებაში, პასუხი არ აქვს. ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც აღნიშნა, რომ ალუმინის ოქსიდი სანქცირებული პროდუქტი არ არის, ამიტომ მისი ექსპორტი რუსეთში არ იკრძალება, თუმცა ირლანდია კვლავ უჭერს მხარს უკრაინას. „რუსალმა“, АСК-მ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სტატიაზე კომენტარი არ გააკეთეს“, – ნათქვამია სტატიაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ბულვართან ისტორიული შენობა დაანგრიეს და მის ნაცვლად ოცნების შემწირველი პირის კომპანია კორპუსს ააშენებს
შემდეგი სტატიაზელენსკი: დონალდ ტრამპმა აირჩია ზეწოლის სტრატეგია არა რუსეთზე, არამედ უკრაინაზე