“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი”,_ ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაშია ნათქვამი.
“7 მაისს ხელვაჩაურში, მერიის მიმდებარედ, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძეს და „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს, რომელიც ამავდროულად ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრია, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, სავარაუდოდ, საჯარო მოხელეებმა. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. იყო მუქარაც და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.
ჟურნალისტები ამ დროს სინდისის პატიმრების მშობლების მოსახლეობასთან შეხვედრას აშუქებდნენ. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს ადგილზე მყოფმა რამდენიმე პირმა აგრესიითა და მუქარით უპასუხა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, აგრესიულ პირთა შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ (გენადი) დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილია.
სამწუხაროდ, დღევანდელი შემთხვევა გამონაკლისი არ არის და ტენდენციის ნაწილია – სიძულვილის ენა, რომელიც „ქართული ოცნების“ უმაღლესი ეშელოდებიდან ისმის ჟურნალისტების მისამართით და ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი გამოუძიებელი დანაშაულები დაუსჯელობის განცდას აჩენს და ძალადობას ახალისებს, რასაც ასეთ სავალალო შედეგებამდე მივყავართ.
მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 170-მდე მსგავსი ხასიათის შემთხვევა აღრიცხა (სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ფიზიკური ძალადობა და დაზიანება).
ქარტია მკაცრად გმობს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი აგრესიის სამიზნე გახდა”,_ აცხადებს ქარტია.

















