“ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” WAN-IFRA Digital Media Awards 2026-ის ფინალისტია.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მედიაპროექტი ამ საერთაშორისო კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ჯილდოს “გაზეთების და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია” (WAN-IFRA) გასცემს და ის მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციურ და კომერციულად წარმატებულ ციფრულ მედიაინიციატივებს ავლენს.
წლევანდელი კონკურსზე მსოფლიოს 78 ქვეყნიდან 811 განაცხადი შევიდა, საიდანაც ჟიურიმ 278 გამორჩეული პროექტი შეარჩია. მათ შორის კატეოგრიაში “ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საუკეთესო ახალი ამბების პროდუქტი, ფორმატი ან სტრატეგია” 20 ფინალისტს შორის ერთ-ერთი სწორედ JRC-ის პროექტი AINews-ია. ქართული პროექტი კონკურენციას ისეთ წამყვან გამოცემებს გაუწევს, როგორებიცაა: The New York Times, Financial Times, The Guardian და სხვა.
ეს კატეგორია ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის ინოვაციურ, ეთიკურ და სრულყოფილად ინტეგრირებულ გამოყენებას აღიარებს.
AINews ნათია კუპრაშვილის ავტორობით მომზადებული და JRC-ის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელიც აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის ინოვაციურ გამოყენებას ჟურნალისტიკაში: ახალი ამბების წარმოებაში, დამუშავებასა და გავრცელებაში.
“გაზეთების და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია” (WAN-IFRA) მსოფლიო პრესის გლობალური ორგანიზაციაა, რომლის მისიაა, დაიცვას ჟურნალისტებისა და გამომცემლების უფლებები და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელ მედიას.
Digital Media Awards-ის გამარჯვებულები 2 ივნისს, მარსელში, მსოფლიო ახალი ამბების მედიის კონგრესზე გამოცხადდება.
















