ჟურნალისტი მაქს ლევინი და ჯარისკაცი ალექსეი ჩერნიშოვი ოკუპანტებმა სიკვდილით დასაჯეს

ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RFS) გამოაქვეყნა გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ცხადი ხდება, რომ 13 მარტს, უკრაინელი ჟურნალისტი, მაქს ლევინი და მისი მეგობარი ჯარისკაცი, ალექსეი ჩერნიშოვი რუსმა სამხედროებმა კიევთან ახლოს მდებარე ტყეში სიკვდილით დასაჯეს.

როგორც ანგარიშში წერია, ლევინმა კიევიდან 20 კილომეტრში მდებარე ტყეში საკუთარი დრონი დაკარგა, რომლითაც ომის ამსახველ კადრებს იღებდა. სამი დღის შემდეგ კი ის საფრენი აპარატის დაკარგვის ადგილას დაბრუნდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ამ პერიოდში ტერიტორია უკვე რუსეთის კონტროლქვეშ იყო.

მაქს ლევინისა და ალექსეი ჩერნიშოვის ცხედარი 1 აპრილს, სოფელ მოშუნში, რეგიონიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ტყვია, შესაძლო დნმ-ის კვალით, რაც რუსი სამხედრობის ლევინის მკვლელობის ადგილთან ყოფნას ადასტურებს. ამავდროულად, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ის ტყვიაც, რომელიც, სავარაუდოდ, მაქს ლევინს მოხვდა. ასევე, ადგილზე აღმოაჩინეს ჟურნალისტის დაწვარი მანქანა და ჯარისკაცის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

“დანაშაულის ადგილის ამსახველი ფოტოებისა და ამოღებული მტკიცებულებების ანალიზი, აშკარად მიუთითებს სიკვდილით დასჯაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, წინ უძღოდა დაკითვა და წამება”. – ამბობს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, კრისტოფ დელუარი.

ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RFS) მაქს ლევინის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიებას 24 მაისიდან 3 ივნისამდე აწარმოებდა.

წინა სტატიაშიივანიშვილის მეთაურობით, ყველა ეს სამარცხვინო, მავნებელი, მასხარა და ქვეყნის მოღალატე ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს – ბოკერია
შემდეგი სტატიაგაუგებარია, რატომ იყო ვეტო გამოყენებული მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, ცვლილებებისთვის სათანადო არგუმენტაცია არსებობს და პარლამენტი კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებს – თალაკვაძე