თავის ფეისბუქპოსტში, ჟურნალისტი კახაბერ ადამია 1999 წელს აკაკი ელიავასთან შეხვედრას იხსენებს, სადაც ამბოხებულების მიერ ხუთჯვრიანი დროშის აღიარების ისტორიას ყვება…

1999 წლის იანვრის ბოლო დღეები იყო. ამბოხების შემდეგ სამეგრელოს ტყეს თავშეფარებული აკაკი ელიავა და მასთან მყოფი რამდენიმე მეომარი, ჩემი სიძის სახლში ჩამოვიდნენ, რომელიც სოფელში, ტყის განაპირას იდგა. მე მასთან მორიგი ინტერვიუ უნდა ჩამეწერა…
ინტერვიუს შემდეგ, სახლში გაშლილ პატარა სუფრასთან დავსხედით… და როგორც აკაკის სჩვეოდა, სასმელს ხუმრობა და მხიარული საუბარი მოაყოლა… ცოტა ხნის შემდეგ უცებ ძალიან სერიოზული გახდა და მეუბნება… ,,კახა, ჩვენ, ვინც შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, ახალი დროშა გვჭირდება, ჟორდანიას დროშისგან განსხვავებული… ეს შინდისფერი დროშა, არ არის ქართველი ერის გამარჯვების დროშა… მოდი ვიფიქროთ რომელი დროშა უნდა გვქონდეს…,,
აკაკი ელიავას ხშირად შეეძლო მოულოდნელი და თამამი აზრების გაჟღერება, თუმცა მართალი გითხრათ, ამ თემასთან დაკავშირებით მისი სურვილით გაოგნებული დავრჩი… ხუმრობით ვუთხარი, ,,შენ, ტყეს შეფარებულ, ძებნილ და დევნილი კაცს, თუ დროშის ფრიალის მეტი არაფერი გადარდებს, ბარემ აღმაშენებლის დროშა ააფრიალე მეთქი,, რაზეც პასუხად მითხრა, რომ ამ თემაზე სრულიად არ ეხუმრებოდა და ძველი ქართული დროშების ნაბეჭდი ვერსიები სჭირდებოდა…

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გარკვეული პერიოდის მერე არჩევანი ხუთჯვრიან დროშაზე შევაჩერეთ… თუმცა აქაც თავისებური მიდგომა ჰქონდა კაკოს… მისი აზრით, სანამ შევარდნაძის რეჟიმი არ დაემხობოდა, მის მოწინააღმდეგეებს, ხუთვჯვრიანი დროშა შავ-თეთრ ფერებში უნდა ეტარებინათ და ის მხოლოდ მაშინ იქნებოდა ფერადი, როდესაც ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება ეყოლებოდა… ასეთი დროშა ტრაურის სიმბოლოს გავს და ულამაზოა მეთქი ვუთხარი, მაგრამ ვერ გადავარწმუნე… ამიტომ, მისი სურვილით გადაწყდა, რომ ხუთჯვრიანი დროშის შავ-თეთრი ვარიაციიის სამხედრო სამკლავურები დაბეჭდილიყო და ელიავას და მისი ჯგუფის მეომრებს, ეს სამკლავური სამხედრო ფორმაზე ეტარებინათ, რაც მალევე აღსრულდა.
აკაკი ელიავა, მის უახლოეს თანამებრძოლთან, გოჩა გვილავასთან ერთად, 2000 წლის 9 ივლისს, შევარდნაძის რეჟიმის წარმოამდგენლებმა, ზესტაფონში მუხანათურად მოკლეს… ამ სპეცოპერაციის დროს, მოკლულ აკაკი ელიავას, გვილავას და მათთან ერთად მყოფ სხვა მეომრებს, ეცვათ შავი ფორმები, რომელთაც ხუთჯვრიანი დროშის სამკლავურები ეკეთა…

მიხეილ სააკაშვილის მიერ, ქართული სახელმწიფოს სიმბოლოდ ხუთჯვრიანი დროშის აღიარება, ჯერ კიდევ 2002 წელს, იყო ერთ-ერთი მიზეზი სხვა მიზეზებს შორის, რის გამოც პირადად მე, მის გვერდით ვიდექი 2003 წლის რევოლუციის დასრულებამდე… სააკაშვილის დამსახურებით, ჩემი გმირი მეგობრების, ეროვნული ხელისუფლების და პირველი პრეზიდენტის ერთგული გვარდიელების ერთი მნიშვნელოვანი სურვილი შესრულდა და დღეს, ჩვენს ქვეყანას ყველაზე ლამაზი და ამაყი დროშა აქვს… ამის ართქმა და დავიწყება შეუძლებელია… თუმცა ჩვენი ბევრი ნატვრა და სურვილი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ერთიანობასა და აღორძინებაზე, დღემდე აუხდენელია, რის გამოც ჩვენს დროშას, პირადა მე, დღესაც იმ შავ-თეთრ ფერებში ვხედავ, როგორსაც კაკო და ჩვენს ბიჭები მაშინ ატარებდნენ…
ეს ყველაფერი დღევანდელ დღეს მოვაყოლე…
გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!
სიამაყით ატარეთ ის!

 კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიბოკერია ივანიშვილზე – აღმაშფოთებლად სასაცილოა
შემდეგი სტატია14 იანვრის 21:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება