ჟურნალისტი დალი ჯონჯუა ხელისუფლებას არასახელმწიფოებრივ მიდგომაში ამხელს

1992 წლის 14 აგვისტოს სულ სხვა მოლოდინი გვქონდა

1992 წლის 14 აგვისტოს სულ სხვა მოლოდინი გვქონდა„ბევრი ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ რამდენიმე თვეში აფხაზეთში აუცილებლად „ღირსეულად“ დავბრუნდებოდით, ყოველ შემთხვევაში, ბატონი შევარდნაძე ასე აცხადებდა, მაგრამ ვერც მან, ვერც ე.წ. ვარდების რევოლუციით მოსულმა და ვერც „ოცნების“ ხელისუფლებამ ვერაფერი თუ არაფერი გააკეთეს ყველაზე მთავარი სახელმწიფოებრივი პრობლემის მოსაგვარებლად,“ – ამის შესახებ  ჟურნალისტი დალი ჯონჯუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქით, თუ ასე გავაგრძელებთ, აფხაზეთი არასოდეს დაბრუნდება.
„სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის მესვეურები კი მეტისმეტად აქტიურობენ აფხაზეთისათვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს იმიჯის შესაქმნელად, რაც მათი მხრიდან სხვადასხვა სახის მასშტაბური და რეზონანსული ღონისძიების ორგანიზებით ხორციელდება. სულ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ტერიტორიაზე არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაატარეს, რასაც მოჰყვა გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთის „ფიფა“-ში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე. უფრო ადრე კი, დამოუკიდებლად სცადეს მონაწილეობის მიღება ეკონომიკური თუ სხვა სახის საერთაშორისო გამოფენებში და ა.შ. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ბოლო დროის აქტივობებიდან რომში ე.წ. აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის გახსნა, პროტესტის ისეთი ფორმით უნდა გამოიხატოს საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ მსგავსი რამ აღიკვეთოს არა მხოლოდ იტალიაში, რომელიც ისედაც საეჭვოდ უჭერს მხარს ყველაფერში ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტს, არამედ, სხვა ქვეყნების მესვეურების ყურადღებაც მიიპყროს. სხვა შემთხვევაში ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს!“ – წერს ჟურნალისტი.
მისივე იფორმაციით, რომში აფხაზური გაზეთის – „აფხაზია სეგოდნია“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
„რაც უნდა იძახოს ჩვენმა ელჩმა იტალიაში, ოფიციალურად არაფერი ხდებაო, ფაქტია სეპარატისტები საწადელს მაინც აღწევენ, იმ დონეზეც კი, რომ პეტრეს მოედანზე დროშას შლიან და რომის პაპიც კი ეხმიანება მათ. ამასთან, ამ ე.წ. კულტურის ინსტიტუტის გახსნას სეპარატისტებისათვის არანაკლებ საყურადღებო და მნიშვნელოვანი სხვა მოვლენები და ფაქტებიც ახლდა თურმე, რომ არაფერი ვთქვათ რომის პაპის რეაქციაზე! მათ ასოციაცია „ევროპა-აფხაზიას“ ოფისის ინაუგურაციაც(?!) მოუხდენიათ, რომელიც აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოფიციალურად აფხაზური პასპორტების გამოყენებით დარეგისტრირებულა ევროპაში, ასოციაციის ოფისის გახსნაზე გაზეთ „აფხაზია სეგოდნიას“ პირველი ნომრის პრეზენტაციაც გამართულა, რომელიც აფხაზურ, რუსულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა თურმე. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, თვითდამშვიდება იმით, რომ მსგავს ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყვება, რადგან მათ ოფიციალური სტატუსი არ აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ გულარხეინობა და არასახელმწიფოებრივი მიდგომაა!“ – წერს ჟურნალისტი დალი ჯონჯუა.

banner
წინა სტატიაშიახალ სტუდენტურ საცხოვრებელში რეგიონებიდან სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტები იცხოვრებენ
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი: იმედს ვიტოვებ, ევროკავშირი და მისი სიძლიერე ამ რეფერენდუმის შედეგებით არ დაზარალდება