ჟურნალისტები Capital Gazette-ში მომხდარი სროლის შესახებ

მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში გამოცემა Capital Gazette-ს რედაქციაში მომხდარი სროლის შედეგად. პოლიციამ დაადასტურა, რომ მსროლელი დაკავებულია. მომხდარზე “ტვიტერში” ყვებოდნენ იმ მომენტში რედაქციაში მყოფი ჟურნალისტები.
“ვიღაცამ სროლა დაიწყო. 888 ბესტგეითი, გთხოვთ, დაგვეხმარეთ” – პრაქტიკანტმა ენტონი მესენჯერმა სროლის დაწყებისთანავე დაწერა “ტვიტერში”. შემდეგ მისმა კოლეგამ გაავრცელა, რომ ის არ დაშავებულა.

“ერთმა ადამიანმა რამდენიმეს ცეცხლი გაუხსნა ჩემს ოფისში, მათგან არიან გარდაცვლილები” – ჟურნალისტმა ფილ დევისმა დაწერა, რომელიც, სროლის მომენტში, ასევე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. Baltimore Sun-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ შემთხვევა სამხედრო კონფლიქტის ზონას გავდა, და რომ ის და მისი კოლეგები მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ.
“არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ადამიანების მოსაკლავად მიმართული სროლა, როცა სამუშაო მაგიდის ქვეშ იმალები, შემდეგ კი გესმის, მსროლელი როგორ ტენის იარაღს. იარაღიანმა კაცმა შუშის კარს ესროლა, ოფისში შემოაღწია, ცეცხლი გახსნა. ჯერჯერობით ეს არის და არ მინდა იმაზე ვილაპარაკო, ვინ დაიღუპა. სიტუაცია საშინელია” – დაწერა დევისმა, რომელიც დანაშაულებებზე აკეთებს რეპორტაჟებს. “ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში, პოლიციასთან ვურთიერთობ. ვწერ მსგავს შემთხვევებზე, მაგრამ ხშირი არ არის, როცა მოქმედება ასეთ სერიოზულ სახეს იღებს. სანამ იქ არ აღმოჩნდები, სანამ საკუთარ უსუსურობას ვერ შეიგრძნობ, რთულია გაიგო, როგორი მძიმეა ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი” – Baltimore Sun-თან ინტერვიუში თქვა დევისმა.

ჟურნალისტის თქმით, ის და მისი კოლეგები სროლის დასრულების შემდეგაც იმალებოდნენ, სანამ პოლიცია არ მოვიდა შემთხვევის ადგილზე. ჟურნალისტებმა “ტვიტერში” დაწერეს, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან.
“პოლიცია მოვიდა რედაქციაში” – ფოტოკორესპონდენტმა ჯოშუა მაკეროუმ დაწერა. რამდენიმე წუთში კი დაამატა, რომ ის გულგატეხილია.
პოლიციამ შენობიდან 170 ადამიანი გაიყვანა.
Capital Gazette-ს საიტის რედაქტორმა ჯიმი დაბატსმა თქვა, რომ ის შეშფოთებულია. “კორესპონდენტები და რედაქტორები ყველაფერს აკეთებენ სიმართლის გასარკვევად. ამაშია ჩევნი მისია. ასეთი დარჩება ის ყოველთვის” – დაწერა დაბატსმა.

“გაოგნებული ვარ და გულგატეხილი. გთხოვთ, ნუ მთხოვთ კომენტარებსა და ინტერვიუებს. არ შემიძლია საუბარი. უბრალოდ, იცოდეთ, რომ Capital Gazette-ს კორესპონტენტები და რედაქტორები ყველაფერს აკეტებენ ყოველ დღე. არ არის ყოველკვირეული 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი ან მაღალანაზღაურებადი ჰონორარები – არის მხოლოდ სურვილი იმ ადამიანებზე მოვყვეთ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ” – დაწერა ჯიმი დაბატსმა “ტვიტერში”.

Capital Gazette -ის ჟურნალისტებმა დაღუპულ ხუთ თანამშრომელზე ცალ-ცალკე სტატიები დაწერეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ
შემდეგი სტატიატრამპი, შესაძლებელია, პუტინს გაურიგდეს