,,ჟინვალთან გაჩერებული სატვირთო მანქანების გადაადგილება ლარსის მიმართულებით უკვე დაწყებულია”

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნუგზარ გასვიანის ინფორმაციით, ჟინვალთან დაგროვილი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გაადგილება ლარსის მიმართულებით უკვე დაწყებულია. როგორც ნუგზარ გასვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული რაოდნეობის მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის დაგროვება გამოიწვია იმან, რომ გასულ კვირას, ორი დღე-ღამის განმავლობაში, გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.
“უკვე, პრაქტიკულად, დაწყებულია ჟინვალის მხრიდან დაგროვილი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ლარსის მიმართულებით”, – განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.
როგორც გასვიანმა აღნიშნა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გატარებული სამუშაოების შედეგად, არც ერთი მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ არის შეფერხებული.
“გამომდინარე იქედან, რომ გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთი განლაგებულია ურთულეს გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში, მისაბმელიანი ავტორანსპორტის, ე.წ. ტრაილერების მოძრაობა აქ ხორციელდება ცალმხრივი მიმართულებით- ან მლეთიდან კობის მიმართულებით, ან კობიდან მლეთის მიმართულებით”, -განაცხადა გასვიანმა.
უამინდობის გამო ჟინვალიდან გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. შედეგად, ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სატვირთო მანქანა იყო გაჩერებული. როგორც ტრაილერის მძღოლები აცხადებდნენ, ადგილზე 4-5 დღეა დგანან და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერ მიდიან.
მათივე თქმით, მანქანები რუსეთში გასატანი მალფუჭებადი პროდუქტებით აქვთ დატვირთული.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ენერგეტიკის სექტორში ადგილობრივი ბიზნესი ძალიან გააქტიურდა
შემდეგი სტატიამცხეთაში “საგურამოჰესის” მშენებლობა იწყება