ჟენევის თანათავმჯდომარეებისგან გვაქვს მინიშნება, რომ იმუშავებენ წინადადებებზე, როგორ ავიცილოთ თავიდან უკანონო დაკავებები, შეზღუდვები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან

ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ, როგორ დავეხმაროთ ჟენევას გარედან, პოლიტიკური დიალოგის რაც შეიძლება მაღალ დონეზე აწევით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შეფასებისას განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ჟენევის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც ჩვენ ყველა მთავარ საერთაშორისო აქტორთან ერთად, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი, ეუთო, აშშ-ი, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც არის დაფუძნებული ჟენევა, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და ძალის არგამოყენების ვალდებულება. ეს არის ძირითადი ფუნდამენტი, რაზეც არის მუდმივად საუბარი ჟენევაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჟენევას ვერ განვიხილავთ იზოლირებულად დღეს არსებული გეოპოლიტიკური გარემოსგან, ამიტომ აუცილებელია ვალდებულებები, რომელზეც საუბარი იყო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით, სწორედ ამ კონტექსტში, ამ ფორმატში იყოს განხილული და რუსეთის ფედერაციას ყველა საერთაშორისო აქტორის თანდასწრებით მუდმივად შევახსენოთ არსებული ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შორს იყო ილუზიისგან, რომ ამ რაუნდზე მოხდებოდა დიდი გარღვევა, რადგან 49 რაუნდის განმავლობაში ჟენევაში საგრძნობი და სერიოზული პროგრესი არ ყოფილა.

„მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც სწორედ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე ვსაუბრობთ და ვესაუბრებით რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო თანამეგობრობისა და ყველა ძირითადი აქტორის ჩართულობით. ამიტომ ვფიქრობ, როდესაც ვსაუბრობთ, ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ თუ როგორ დავეხმაროთ ჟენევას გარედან, პოლიტიკური დიალოგის რაც შეიძლება მაღალ დონეზე აწევით, რათა იქ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ ტექნიკურ დონეზე დარჩეს, არამედ ეს თემები ავიტანოთ რაც შეიძლება მაღალ დონეზე, მათ შორის ევროკავშირის ფორმატებში, ეუთო-ს ფორმატებში, გაერო-ს ფორმატებში. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორთან, მათ შორის აშშ-თან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუდმივად იმაზე ვსაუბრობთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მათი ორმხრივი დიალოგის ფორმატში რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ატანილი ეს საკითხი, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და ასევე თანმიმდევრულები ვართ სამშვიდობო პოლიტიკაში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს აღებული აქვს ძალის არგამოყენების ვალდებულება გვაქვს აღებული და იმავეს მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ აიღოს აღნიშნული ვალდებულება.

„ეს არის სწორედ გზა, რომელიც მიგვიყვანს პროგრესამდე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ რაუნდზე იყო, ბორდერიზაციაა. ისევე, როგორც ჩემი ნიუ იორკში შეხვედრების ძირითადი საკითხი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია. თანათავმჯდომარეებისგან, რომლებთანაც გვქონდა ამ რაუნდზე საუბარი, გვაქვს გარკვეული მინიშნებები, რომ ისინი იმუშავებენ ახალ წინადადებებზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ის უკანონო დაკავებები, შეზღუდვები, რომლებიც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს გამყოფი ხაზის მოსახლეობას შორის თავისუფლად გადაადგილების კუთხით. ამიტომ მათი როლის წამოწევით ჟენევის ამ განზომილების გამოცოცხლებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ვფიქრობთ, მომავალში დაგვეხმარება გარკვეული პროგრესის დემონსტრირებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, რუსეთი მუდმივად ცდილობს ნატო-ს თემატიკის შემოტანას ჟენევის კონტექტსში და ეს ახალი არ არის.

„ჟენევას აქვს თავისი ამოცანები. რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. ჩვენ პატივს ვცემთ იმ არჩევანს, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რაც არის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მთავარი მიმართულება და როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ვასრულებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიღებულია“, – დასძინა დავით ზალკალიანმა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი ჟენევაში 8-9 ოქტომბერს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : არა მხოლოდ შალვა თადუმაძე, არამედ მოსამართლეობის ყველა კანდიდატი ცდილობს, შეურაცხყოფის კორიანტელს მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გასცეს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია : ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, შალვა თადუმაძემ მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ადგენს დიპლომის ხარისხსა და ნამდვილობას