ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

მინისტრის მოადგილე მიესალმა ახალ თანათავმჯდომარეებს – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუსა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლს, რუდოლფ მიხალკას, და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს ისევე, როგორც მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ სამშვიდობო ფორმატების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას და გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხერხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველყოფა, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით.

მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომიდან და ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებიდან 10 წლის თავზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოსცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე – ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თემებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.

მხარეებმა ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ.

საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენგადადგმულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა დასამხედრო წვრთნებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებზე, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე.

აღინიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას.

განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.

დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მიმართა ძალისხმევის შემდგომი მობილიზების თხოვნით, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს ადგილზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა.

ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი გაიმართება 2018 წლის 9-10 ოქტომბერს.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლი აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება ამერიკისთვის სამაგალითოა