ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს იწყება

საქართველოს დელეგაცია 2017 წლის 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას:

“საქართველოს დელეგაცია მწვავედ დააყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისა და ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი იქნება აგრეთვე აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ქართული მხარე ტრადიციულად დასვამს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნების საკითხს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება ერთადერთ ფორმატად საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლის მიზანიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციოს ხაზის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა. სამშვიდობო პროცესის წარმატებისთვის კი აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის უარი ძალის გამოყენებაზე და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლობით მოეკიდება ნაკისრ ვალდებულებებსა და მოლაპარაკებების პროცესს და არსებით მონაწილეობას მიიღებს ორივე სამუშაო ჯგუფის განხილვებში.

თავის მხრივ, საქართველოს დელეგაცია კვლავ ადასტურებს კონსტრუქციული მუშაობისათვის მზადყოფნას.” ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სასახლეში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატია“უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! გილოცავთ“ – დალია გრიბაუსკაიტე