ჟენევის მოლაპარაკების ქართველმა მონაწილეებმა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ქართველმა მონაწილეებმა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის ფარგლებში, განხილვის მთავარ საგანს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა წარმოადგენდა.

„მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა.

„მათ არაჰუმანურ ქმედებად შეაფასეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემის თითქმის ერთი თვით დაყოვნება. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ ფონზე, „მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის საჭიროება, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიკახა იმნაძე – ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადაიქცა ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს