კორუმპირებული უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ეს განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ ცრუ დაპირებები უკრაინაში ხალხს, რომლებიც ტანჯვაში არიან ჩაფლულები. მე ძალიან გაბრაზებული ვარ ევროპაში ზოგიერთი ხმების გამო, რომლებიც ცდილობენ, დაარწმუნონ უკრაინელები, რომ მათ შეუძლიათ ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება. ეს არ იქნებოდა კარგი არც ევროკავშირისთვის და არც უკრაინისთვის“, – ამბობს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი.
მისივე განცხადებით, „ნებისმიერმა, ვისაც ჰქონდა შეხება უკრაინასთან, იცის, რომ ეს არის კორუმპირებული ქვეყანა საზოგადოების ყველა დონეზე“.
„ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში შესვლისთვის, მას სჭირდება მასშტაბური შიდა რეფორმები. ჩვენ ცუდი გამოცდილება გვქონდა ზოგიერთ ახალ წევრთან, მაგალითად, კანონის უზენაესობის კუთხით. ეს არ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა იუნკერმა.
იუნკერის თქმით, უკრიანისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა უნდა იყოს შენარჩუნებული, თუმცა „ეს არ უნდა აჩენდეს იმედს, რომ ამის გაკეთება ერთ ღამეშია შესაძლებელი, უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერით“.
„თუ ამ ქვეყნებში იქნება მიღწეული პროგრესი, იქნება ეს უკრაინაში თუ დასავლეთ ბალკანეთში, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა ევროპული ინტეგრაციის ცალკეულ ეტაპებში. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, რათა შესაძლებელი გავხადოთ ნაწილობრივი გაწევრიანება, გაფართოებასთან მიახლოებული გონივრული ფორმა“, – განაცხადა იუნკერმა.