თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ე.წ. “ზღვის ჭუჭყის” პრობლემა მოაგვაროს, რომლითაც სტამბოლთან ახლოს მარმარილოს ზღვის სანაპიროა დაფარული. ჭუჭყის სქელი, ყავისფერი მასა ზღვის ორგანიზმებს განადგურებით ემუქრება და მეთევზეებს ხელს უშლის თევზჭერაში. თავდაპირველად ეს ფენომენი თურქეთში 2007 წელს დაფიქსირდა, ის ასევე, იყო ეგეოსის ზღვაზე საბერძნეთის სანაპიროზე. თუმცა, მარმარილოს ზღვაზე მისი გავრცელების არეალი ყველაზე მასშტაბურია ისტორიაში – “ბიბისი” წერს.
ერდოღანმა თქვა, რომ ჭუჭყი, შესაძლებელია, ასევე, შავ ზღვას დაემუქროს. “იმედი მაქვს ვიხსნით ჩვენს ზღვებს. ვშიშობ, რომ ის შავ ზღვაზეც გავრცელდება… ეს უდიდესი პრობლემა იქნება. აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება” – თურქეთის პრეზიდენტმა თქვა.
მან მომხდარის გამოძიების შესახებ მოწოდება გააკეთა და თქვა, რომ, შესაძლებელია, მოვლენა გამოწვეული იყოს იმით, რომ კანალიზაცია ზღვას არის მიერთებული, გარდა ამისა, შესაძლებელია, წყლის მზარდი ტემპერატურაც მოქმედებდეს. თურქეთის მთავრობამ უკვე გამოყო 300 სპეციალისტი, რომელთაც საკითხის შესწავლა ევალებათ.