11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულებრივ ქმედებას შორის – ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

ივანიშვილს რეჟიმს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ გრანტების რუსული კანონის განხილვის დროს ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

“რაც შეეხება ექსტრემიზმთან დაკავშირებულ საკითხს – გთავაზობთ, 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინააარსის მე-3 სეკუნდა და პრიმა ნაწილები, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად წარმოაჩენს და განსაზღვრავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა და ამ დროს, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

მაგალითად, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც ამ მოტივით ჩადენილი იქნება – როცა სასამართლოში დადასტურდება, რომ დანაშაული ამ მოტივითაა ჩადენილი, სასჯელის განსაზღვრისას მინიმალურზე 1 წლით მეტი განისაზღვრება.
ასევე, გთავაზობთ, რომ თვითონ კოდექსს დაემატოს 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. რაც შემდეგს გულისხმობს: საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ; საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ; საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება; ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს. გთავაზობთ, რომ სასჯელის სახით გამოყენებული იყოს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში დაისჯენა ჯარიმით ან ჯარიმითა და ლიკვიდაციით.

მთავარია სისტემურობა, სისტემატურობა, საჯაროობა. ერთი პირის მიერ გამოხატული თავისი პერფორმანსი სისხლის სამართლის დანაშაულად არ ჩაითვლება და ივლება მკაფიო ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულებრივ ქმედებას შორის. მთავარია, რომ პირები სისტემურად და სისტემატურად, საჯაროდ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ; სისტემატიურად მოუწოდებდნენ ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ და სისტემატიურად და საჯაროდ თავს წარმოაჩენდნენ, რომ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ამავდროულად ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა იყოს მიმართული კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებდეს ან რეალურ საფრთხეს ქმნიდეს საქართველოს ინტერესების ან მისი დაზიანებისთვის”. – თქვა გორდულაძემ

banner
წინა სტატიაშიადა მარშანია: რა ვქნათ, როგორ უშველოთ ჩვენს მშობლიურ და ბუმბერაზ კერას, როგორ გადავარჩინოთ უგუნურობისაგან და უგუნურებისაგან!?
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ სიმონ ჯანაშიას წინააღმდეგ “გაილაშქრა”