ზეწოლა, მუქარა, ძალადობრივი ინციდენტები – NGO-ები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ

ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა, ძალადობრივი ინციდენტები, მოქალაქეების მოსყიდვის შემთხვევები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს:

“2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის გამოსავლენად საჭირო გახდა არჩევნების მეორე ტურის გამართვა, ვინაიდან პირველ ტურში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. მეორე ტურში გადავიდა საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი სახელწოდებით „ძალა ერთობაშია“ უჭერს. გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ – „ევროპულმა საქართველომ“ და საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ. სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“.

პირველი ტურთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და მეტად გამოხატული ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა, რაც გამოიხატებოდა კანდიდატების და მათ მხარდამჭერების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებში, კანდიდატების წინასაარჩევნო რეკლამებში და სოციალურ მედიაში მიმდინარე აგრესიულ კამპანიაში.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი პოლარიზებით ხასიათდებოდა ძირითადი ტელეკომპანიები. მეორე ტურის წინ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები არ გამართულა, შესაბამისად ამომრჩეველი მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხილა და მოესმინა საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ დისკუსია და თემატური მსჯელობები. ამის ნაცვლად, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოება საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფების უკიდურესი პოლარიზების, დაპირისპირების, აგრესიული რიტორიკის და სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების მომსწრე გახდა.

პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემდგომ, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულდებოდა.

მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას ჩამოყალიბდა და გააქტიურდა რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მკვეთრად ნეგატიური და აგრესიულია აღნიშნული ჯგუფების ნაწილის წინასაარჩევნო გზავნილები.

ამ პერიოდში კვლავ აქტიური იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით წარმოებული კამპანია, რომელიც ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

ძალადობრივი ინციდენტები

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ფიზიკური დაპირისპირების და ძალადობის ფაქტები თითქმის არ დაფიქსირებულა, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პირველი ტურის შემდეგ, შემაშფოთებელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ოპოზიციის აქტივისტებს ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები თავს დაესხნენ. ძალადობრივი ინციდენტები ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა, ხოლო ერთ შემთხვევაში, პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ. საგულისხმოა, რომ 21 ნოემბერს გვიან ღამით, ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ნოდარ ბურდილაძეს ცივი იარაღით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბურდილაძე ყოფით ნიადაგზე დაჭრეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიცია და აცხადებენ, რომ მის დაჭრას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.

ფიზიკური დაპირისპირების ყველა ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ზეწოლა/მუქარა

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფართოდ გავრცელებული და შემაშფოთებელი სახე მიიღო ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევებმა. ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებზე, სხვადასხვა კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ და წარსულში ნასამართლევ ამომრჩევლებზე. აღნიშნულ პირებს, ძირითადად, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ ან გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო ემუქრებიან. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები დამკვირვებლებთან მათ მიმართ გათავისუფლების მუქარაზე საუბრობდნენ. რამდენიმე ცალკეულ შემთხვევაში, ორგანიზაციებმა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები დააფიქსირეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუქარა განხორციელდა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართაც. კერძოდ, მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს.

ამომრჩევლის მოსყიდვა

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ასევე გაიზარდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები. უპრეცედენტო იყო ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 600,000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების „განულების“ შესახებ. აღნიშნული პროგრამა 19 ნოემბერს დაანონსდა და იგი სახელმწიფოს ჩართულობით ფონდი „ქართუს“ მიერ 15-დან 31 დეკემბრამდე მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფისთვის 2000 ლარზე ნაკლები ოდენობის სესხების ჩამოწერას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით ადგილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული თანხების შეთავაზებას, ხოლო რიგ შემთხვევებში იმ პირებს ვინც სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არიან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სანაცვლოდ სთავაზობენ ფულს. პარალელურად, ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების შესახებ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მასშტაბური სახე მიიღო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირებამ. გაჟღერდა სავარაუდოდ საარჩევნოდ მოტივირებული ინიციატივები ხელფასების ზრდის, სოციალური დახმარებების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა და რომელიც ძირითადად მიემართება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების ფაქტის შესახებ, რაზეც ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას.

მედია გარემო

ორი ძირითადი ტელეკომპანია მკვეთრად პოლარიზებული იყო მათი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით. მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მკაფიოდ ატარებს გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სარედაქციო პოლიტიკას.

საარჩევნო ადმინისტრაცია

არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღე სამუშაო კვირაში, ოთხშაბათს 28 ნოემბერს დანიშნა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნული გადაწყვეტილება დაბრკოლებებს ქმნის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობისთვის, რადგან მათთვის 28 ნოემბერი სამუშაო დღე იქნება. გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევით საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა.

ცესკოს მიერ გამოცხადებამდე, არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ოქტომბერი დააანონსა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე, 28 ნოემბერი როგორც არჩევნების თარიღი გაჟღერდა ორი მონაწილის მიერ თელავში ერთ-ერთი საზოგადოებრივი მოძრაობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნული ფაქტები შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

კამპანიის დაფინანსება და მასზე ზედამხედველობა

პირველი ტურის შემდეგ 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ორმა საარჩევნო სუბიექტმა ჯამში 4 489 303 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. აქედან 2 964 704 ლარი (85%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 524 599 ლარი (15%) – გრიგოლ ვაშაძემ.

პირველი ტურის მსგავსად, ძირითადად არაეფექტური იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეაგირება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების სავარაუდო დარღვევებზე. შემთხვევების გადამოწმების პროცესი ჭიანურდებოდა და საბოლოოდ შედეგიც არ ჩანდა. მხოლოდ 26 ნოემბერს გამოაქვეყნა აუდიტის სამსახურმა მცირე ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე დარღვევაზე რეაგირების შესახებ.” ნათქვამია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში

banner
წინა სტატიაში“ჩემი უფლება წარმომადგენელი ზედაც არ მიყურებს” – სარალიძემ სასამართლო დატოვა
შემდეგი სტატიასოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა