ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის რეკონსტრუქცია და ვერსიები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის რეკონსტრუქცია და ვერსიები – ამ სათაურით სტატიას გერმანული “დოიჩე ველე” აქვეყნებს. მასალაში გააანალიზებულია ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები და საუბარია ამ ეტაპისთვის მკვლელობის შესახებ ცნობილ დეტალებზე.

გერმანიაში 23 აგვისტოს, ბერლინის ცენტრში მომხდარი მკვლელობის არსი თავდაპირველად ვერ გაიგეს. “ველოსიპედისტმა ფეხით მოსიარულე მოკლა”, “რუსმა ქართველი მოკლა”, “ბერლინში ისლამისტი მოკლეს” – ასეთი სათაურები გამოჩნდა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე. პოლიციასა და პროკურატურაში კი სრულიად სხვა სურათი დაიხატა: გამორიცხული არ არის, რომ გერმანაიში პირველად შეეჯახნენ შეკვეთილ მკვლელობას, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩეჩნებზე შურისძიებას გავს – “დოიჩე ველე” წერს.

ზელიმხან ხანგოშვილი კანცლერის უწყებისა და რეიხსტაგის შენობასთან ახლოს მდებარე პარკ პატარა ტირგარტენში მოკლეს. მას უკნიდან მიუახლოვდა ველოსიპედისტი, თავდაპირველად ზურგში ესროლა, შემდეგ – საკონტროლო – თავში. თვითმხილველები ამმობენ, რომ მკვლელმა შემდეგ მოიხსნა ნიღაბი, ველოსიპედი გადააგდო, მდინარე შპრეეში იარაღი ჩააგდო, რომელზეც Glock-ის მარკის მაყუჩი იყო და იქვე მდგარი მოპედით გაიქცა. მას ყურადღება ორმა მამაკაცმა მიაქცია, რომლებიც იმ დროს იმ რაიონში იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ ბინის დაქირავების საკითხები უნდა გაერკვიათ იქვე მდებარე შენობაში. რამდენიმე ხნის შემდეგ ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. მოგვიანებით, აკვალანგისტებმა იარაღი და ველოსიპედი იპოვეს. ეჭვმიტანილზე ცოტა რამ არის ცნობილი. თავდაპირველად გავრცელა, რომ ის რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ჩეჩენია, 48 ან 49 წლის. შემდეგ Bild-მა გაავრცელა, რომ მკვლელი ციმბირიდან არის და მას ვადიმ ს. ქვია, რომელიც ბერლინში დანაშაულის ჩადენამდე ჩავიდა.
დაკითხვაზე მკვლელი უემოციოდ იქცეოდა. პროკურატურის ინფორმაციით, მას დანაშაული არ უღიარებია, ჩვენების მიცემაზე კი უარი თქვა. ზოგიერთი ინფორმაციით, მკვლელობის შემდგ ის ბერლინის დატოვებას აპირებდა. მის ბინაში დიდი რაოდენობით თანხა იპოვეს. ზოგიერთი გამოცემით – თანხა მას დაკავებისას უპოვეს.

მსხვერპლზე, თავდაპირველად საუბრობდნენ, როგორც ქართველზე. მხოლოდ ორშაბათს გახდა ცნობილი, რომ 40 წლის მოკლული მამაკაცი ქისტია, ეთნიკური ჩეჩენი, პანკისის ხეობიდან. ის საველე მეთაური იყო ჩეჩნეთის ომის დროს. იყო საქართველოს მოქალაქე და ქონდა ქართული პასპორტი. ომის დროს შამილ ბასაევის მხარეს იბრძოდა, შემდეგ ასლან მასხადოვს უჭერდა მხარს. ის 60 მეომარს ხელმძღვანელობდა – ამის შესახებ საუბარია გერმანულ-კავკასიური სათვისტომოს ხელმძღვანელის ეკეჰარდ მაასის წერილში, რომელიც გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების უწყებას აქვს.

2008 წელს ზელიმხანმა 200 მოხალისე შეკრიბა საქართველოში, ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა, თვითონ ზელიმხანი ამ მოქმედებებში არ მონაწილეობდა.
ხანგოშვილი რუსეთში ჯერ კიდევ 2002 წლიდან იყო ძებნილი. კონკრეტულად რას ედავებოდა რუსეთი მას, უცნობია – “დოიჩე ველე” წერს.
2012 წელს ზელიმხანი საქართველოს ძალოვანებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობდა – ის ლოპოტას ხეობაში მომხდარ ამბებში შუამავალი იყო.
2016 წელს ზელიმზან ხანგოშვილი უკრაინიდან გერმანიაში გადავიდა თავშესაფრის საძიებლად, რადგანაც 2015 წელს მას თავს დაესხნენ მანქანაში, სადაც 8 ტყვია ესროლეს. ზელიმხანს ხუთი შვილი ყავს. მან გერმანიაში თავშესაფარი და სხვა სახელი მიიღო უსაფრთხოების მიზნით. ახალ პასპორტში თორნიკე ქავთარაშვილი ერქვა. ქავთარაშვილი მისი დედის გვარია. გერმანელი სამართალდამცველები გარკვეული პერიოდი მას უწოდებდნენ “საზოგადოებისათვის საშიშ პირს”, თუმცა, 2018 წელს ეს დეფინიცია, მტკიცებულებების არარსებობის გამო გააუქმეს. 2017 წლიდან ზელიმხან ხანგოშვილი გერმანული სტრუქტურებისგან განსაკუთრებულ დაცვას ითხოვდა. ის საზღვარგარეთ მცხოვრები და დასახვრეტი ჩეჩნების სიაში იყო. მუქარებს იღებს მისი ძმაც.

მკვლელობა ძალიან გავს 2009 წლის ვენის შემთხვევას, როცა მარკეტიდან გამომავალი უმარ ისრაილოვი, ჩეჩნეთის პრეზდენტის რამზან კადიროვის ყოფილი დაცვის წევრი დახვრიტეს. მაშინ მკვლელობაში მონაწილე სამი პირი დააკავეს, ერთი გაიქცა. ავსტრიის პროკურატურა რამზან კადიროვის დაკითხვას ცდილობდა, რომელიც, ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტების ნაწილი არჩევანის ზღვარზე დგას – გააკეთონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაშსს-მ ვაკეში ქურდობის ოთხ ფაქტთან დაკავშირებით სამი არასრულწლოვანი დააკავა