უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და პუტინი გააფრთხილა, რომ იგი აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას სთხოვს იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე შეთანხმებას დაარღვევს.
“თუ რუსები დაარღვევენ ამას [ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას], მაშინ მე პირდაპირი თხოვნა მექნება პრეზიდენტი ტრამპისთვის. თუ ისინი დაარღვევენ, აქ არის მტკიცებულება – ჩვენ ვითხოვთ სანქციებს, ჩვენ ვითხოვთ შეიარაღებას”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.
უკრაინა და რუსეთი შავ ზღვაში ძალის გამოუყენებლობაზე თანახმა არიან – თეთრი სახლი
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმაც დაადასტურა.
უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა რუსეთის მხრიდან საკუთარი სამხედრო ხომალდების ნებისმიერი სახით გადაადგილება, შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.
აშშ-სა და უკრაინის მხარე ასევე შეთანხმდნენ, რომ აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს უკრაინას ომის ტყვეების გაცვლაში, დაკავებული მოქალაქეების გამოშვებაში და ძალით რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაში.
თავის მხრივ, აშშ რუსეთთან შეთანხმდა, რომ ხელს შეუწყობს რუსეთს, წვდომა აღიდგინოს მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქის ექსპორტისთვის, შეამციროს საზღვაო სადაზღვევო ხარჯები, და გააუმჯობესოს პორტებსა და საგადასახადო სისტემებზე წვდომა მსგავსი ტრანზაქციებისთვის.