უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარიზში დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრამ კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს – პირველ რიგში, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმებს არ წყვეტს. ახლა ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გვჭირდება. ყველა შეხვედრას კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს… საჰაერო თავდაცვის შესახებ, ახალი დახმარების პაკეტებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ“, — აღნიშნავს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე განიხილეს მხარდაჭერის გაზრდა როგორც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისე დიპლომატიური მიმართულებით
„მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა დიპლომატიისა და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ… დღეს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა იმართება… ჩვენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ“, — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
















