ძალიან უცნაურია, რომ ილონ მასკს არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში Starlink-ის ოპერაციების შეზღუდვების შესახებ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, სერგეი (ფლეშ) ბესკრესტნოვი ბიზნესმენ ილონ მასკის ბრალდებებს უკრაინელების მიერ Starlink-ის გამოყენების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ კომერციული Starlink-ის გამოყენება შორ და საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის.
ცნობისთვის, ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკრაინამ დრონებით დარტყმების განსახორციელებლად Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია. SpaceX-ის დამფუძნებლის მტკიცებით, Starlink-ის სამოქალაქო სისტემის ადამიანების დასახოცად დრონებით თავდასხმებისთვის გამოყენება არასოდეს ყოფილა დაშვებული. მისი მტკიცებით, უკრაინა Starlink-ს ამგვარი დარტყმებისთვის იყენებდა.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ Starshield ცალკე სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს და რომლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას აშშ-ის ხელისუფლება იღებს.














