უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალში უკრაინა შეძლებს რუსეთის შეტევებს სარკისებურად უპასუხოს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მუშაობს საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოების გაზრდაზე.
უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მზადდება ახალი შეთანხმებები ევროპელ პარტნიორებთან ასეთ წარმოებაში ინვესტიციების შესახებ.
„რა თქმა უნდა, საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ არსებულ გეგმებზე, ჩვენს შესაძლებლობებზე, მაგრამ პერსპექტივა ნათელია – სარკისებურად ვუპასუხოთ ყველა რუსულ საფრთხეს და გამოწვევას. მათ იქ, რუსეთში ნათლად უნდა იგრძნონ შედეგები იმისა, რასაც უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ და ეს იქნება,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს უპილოტო საფრენი აპარატები, გამანადგურებლები, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები, რადგან ისინი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, მიმდინარე ომში „ძირითადი ელემენტებია“.