უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ახალ სანქციებს მოაწერა ხელი.
სანქციები გაუგრძელდათ კომპანიებს, რომლებიც დაკავებული არიან რუსული იარაღის წარმოებით, დრონების შემუშავებითა და რუსული ავიაციის ტექნიკური უზრუნველყოფით.
შეზღუდვები დაუწესდა 67 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობენ. სიაში მოხვდნენ „მინისტრები“, „მოსამართლეები“ და ის პირებიც, რომლებიც ბავშვების იძულებით დეპორტაციაში მონაწილეობდნენ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უკრაინა ამ მონაცემებს საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებს, რათა სანქციების კოორდინაცია გლობალურ დონეზე მოხდეს.
სანქციების პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ვლადისლავ ვლასიუკის განცხადებით, რუსეთის ომის მხარდამჭერი ნებისმიერი პირის მიმართ სანქციური ზეწოლა მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება.

















