უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ ახალ განკარგულებას, რომელთა საფუძველზეც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციებთან სინქრონიზაციის შესახებ.
პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან შესაბამისობაში მოყვანილი შეზღუდვები ჯამში 120 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი უკვე იმყოფებოდა უკრაინის შავ სიაში, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით, სანქციები დამატებით რუსეთის 16 მოქალაქესა და 31 კომპანიაზე გავრცელდა.
სასანქციო სიაში მოხვედრილი კომპანიების გეოგრაფია საკმაოდ ვრცელია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ეს იურიდიული პირები რეგისტრირებულნი არიან შემდეგ ქვეყნებსა და რეგიონებში:
-
რუსეთი და ბელარუსი;
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები;
-
ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი;
-
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.
ვის დაუწესდა პერსონალური სანქციები: ფიზიკურ პირებს შორის მოხვდნენ რუსეთის სტრატეგიული საწარმოების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და სამხედრო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. ასევე ის პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის ინტერესებს ემსახურებიან და კოლაბორაციონიზმში არიან შემჩნეულნი.
სანქციების ახალი ტალღის მთავარი სამიზნე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ეკონომიკის ის სექტორებია, რომლებიც ომის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს. შეზღუდვები შეეხო რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და დრონების კომპონენტების მწარმოებელ ქარხნებს. სიაში ასევე მოხვდნენ ნავთობის, გაზისა და ოქროს მომპოვებელი მსხვილი კომპანიები.
კერძოდ, შავ სიაში შეიყვანეს:
-
„ატლანტ აერო“ (Atlant Aero) — რუსული კომპანია, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) კომპონენტებს აწარმოებს;
-
„ირზ-სვიაზი“ (IRZ-Svyaz) — საწარმო, რომელიც აქტიურად არის დაკავებული როგორც დრონების, ისე სამხედრო რაკეტების კომპონენტების წარმოებით.
















