ახლა ყველა ხედავს, რომ ჩვენ რუსეთს ინიციატივა წავართვით და ვაბრუნებთ ამ ომს იქ, საიდანაც ის მოვიდა – რუსეთის მიწაზე, რუსეთის ცაზე, რუსეთის ნაპირებზე, ამ ომის მშობლიურ ნავსადგურში,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
,,რა თქმა უნდა, ეს რთულია, უაღრესად რთული, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რაც აუცილებელია, რათა რუსებმა იგრძნონ, რას აკეთებენ და რომ აგრესიულ ომს ყოველთვის აქვს შედეგები.
მსოფლიოში ყველა, ვისაც სამართლიანობის სჯერა უკრაინისგან მხოლოდ ერთ რამეს ელოდება – რომ ჩვენ დავამარცხებთ ამ რუსულ ნაძირალას. ეს აუცილებლად დაიცავს ჩვენს სახელმწიფოს, აუცილებლად დაიცავს ჩვენს დამოუკიდებლობას, უკრაინის სუვერენიტეტს და ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, თითოეული გმირი.
ეს ყველაფერი თქვენი გმირობაა. ეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების გმირობაა. გულახდილად რომ ვთქვათ, უფრო ნაკლები საშუალებებით, ნაკლები რესურსით, უკრაინელებმა მიაღწიეს უფრო ხელშესახებ და საამაყო შედეგებს და რაც მთავარია, მათ სრული უფლება აქვთ, იამაყონ საკუთარი თავით. სამართლიანადაც, რადგან ისინი იცავენ თავიანთ უკრაინელებს. ამის გამო მათ მთელი მსოფლიო პატივს სცემს“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


















