ვასრულებთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას და სამართლიანი იქნება, თუ სანაცვლოდ ევროკავშირისგან მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებს მივიღებთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის შეხვდა.
„კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან. განვიხილეთ მოლაპარაკების დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნაზე მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ“, – წერს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯების პოტენციური ვადები განიხილეს.
„უკრაინა და ჩვენი ხალხი ამას სრულად იმსახურებს. ვასრულებთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა ჩვენს ვალდებულებას და სამართლიანი იქნება, თუ სანაცვლოდ ევროკავშირისგან მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებს მივიღებთ“, – აცხადებს ზელენსკი.
















