უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით წამოიწყო, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს იქნებოდა პარტნიორების მიერ უკრაინის მიმართ „სრული ღალატი“ .
ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„ის გაუწონასწორებელია, რადგან საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიწყებდა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს. ის ან შეშლილია ან იცოდა, რომ არ დაისჯებოდა ამისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა სხვა ქვეყნებთან რაღაც დიალოგი ყოფილიყო. ამის განხილვაც კი არ მინდა, რადგან მაშინ ეს არ არის პარტნიორობა, ეს ჩვენს ზურგს უკან თამაში და სრული ღალატია. ასე რომ, მოდით, ვიფიქროთ, მას არ ჰქონდა შეთანხმება და არის უბრალო ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არავინ დაიცავდა უკრაინას და მას შეეძლო ჩვენი დატყვევება, განადგურება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთთან ყველა კარს ოდნავ ღიას ტოვებს“, თუმცა არც ისე ღიად, როგორც 2014 წლის შემდეგ.
„მაგრამ ბევრმა ლიდერმა დატოვა ის ოდნავ ღია და ფიქრობდა: „რა იქნება ხვალ? ჩვენ როგორმე უნდა მოვძებნოთ ხვალინდელი დღის შანსი. რა მოხდება, თუ უკრაინა ომს წააგებს? ჩვენ არ უნდა დავუხუროთ კარი რუსეთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას თუ აპირებდა, ის გამოიყენებდა ფართომასშტაბიანი ომის პირველ წელს, როდესაც მან ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა.
„მან არ გამოიყენა ის არა იმიტომ, რომ გაწონასწორებულია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარს საკუთარი ცხოვრება. ესმის, რომ კარი მთლიანად დაიკეტება, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მას უყვარს ცხოვრება, ასე რომ, არ გამოიყენა ბირთვული იარაღი პირველ წელს, აგრძელებს თავის ქმედებებს და ადგილზეა სანქციები. ახლა დასავლელი ლიდერები იწყებენ ფიქრს, (როგორ აიცილონ თავიდან რუსეთთან ომის ესკალაციის შესაძლო რისკი), მაგრამ რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ესკალაცია, ვიდრე უკრაინაში ხოცვა-ჟლეტა?“, – თქვა ზელენსკიმ.