უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სანქციები მიმართულია იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ემსახურებიან რუსულ სატანკერო ფლოტს და მონაწილეობენ სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირებაში.
“ვაგრძელებთ ევროკავშირთან სანქციების სინქრონიზაციას. ხელი მოვაწერე განკარგულებას იმ კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ემსახურებიან რუსულ სატანკერო ფლოტს და გადააქვთ სანქცირებული ნავთობი. ასევე, დაწესდა ახალი სანქციები კრემლის პროპაგანდისტებისა და იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსული რეჟიმის ყველა მცდელობას, მოახდინოს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია. ასევე გრძელდება მუშაობა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე. ვარაუდობთ, რომ იგი თებერვლის ბოლოს იქნება მიღებული. უკვე ვხედავთ, რომ ჩვენი მრავალი წინადადება გათვალისწინებულია. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება”,–წერს ზელენსკი.
















