„უკრაინა თავის ტერიტორიებს, რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება ლეგალურად არ დათმობს მაშინაც კი, თუ ამას „მსოფლიოს ყველა მოკავშირე“ სთხოვს,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო მედიასაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ცნობისთვის: მედიასაბჭოში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, წამყვანი მედია საშუალებები შედიან.
„ჩვენთვის ეს ყოველთვის დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიებად, სანამ ჩვენ იქ არ დავბრუნდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
საუბარია ანექსირებულ ყირიმზე, ასევე, უკრაინის რამდენიმე რეგიონის ნაწილებზე – საერთო ჯამში, საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიის, დაახლოებით, 20% ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის „ომის ცხელი ფაზის“ დასრულება პრიორიტეტია.
„შეიძლება, ბევრი მოლაპარაკება იყოს, მაგრამ მთავარი აქტიური ფაზის შეჩერებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე მედია წერდა კონფლიქტის „გაყინვის“ შესაძლებლობაზე, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის შესაძლო ნაწილზე.ტრამპმა, თანამდებობის დაკავებისთანავე, რუსეთს კვლავ მოუწოდა ომის დასრულებისკენ და სანქციებითაც დაემუქრა, თუ ის მოლაპარაკებას არ განახორციელებს.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ომის დასრულება ორივე მხარისგან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს.