უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს პასუხობს და აცხადებს, რომ უკრაინის ენერგეტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული იერიშების შეწყვეტა საპასუხო სადეესკალაციო ნაბიჯებს გამოიწვევს. ზელენსკის თქმით, ომის დასასრულებლად დიპლომატიური წინადადებები მზად არის და მშვიდობის მიღწევის გზებს პარტნიორებთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში განიხილავენ.
“მართლაც, უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ რუსეთის ეს ომი უნდა დასრულდეს. სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე წლიდან მისმა შედეგებმა ფართო მასშტაბები მიიღო: მრავალი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა, ქალაქებისა და სოფლების განადგურება, სურსათის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული გამოწვევები, ტექნოლოგიური განვითარების არნახული ტემპი, მათ შორის ავტონომიური დრონების და აქამდე უპრეცედენტო დამრტყმელი შესაძლებლობების სწრაფი განვითარება. ამ ომის ყოველი ახალი კვირა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოველ ახალ წელზე, სულ უფრო და უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს.
აღარასდროს იქნება ისე, რომ მხოლოდ ის ქვეყანა დაზარალდეს, რომელზეც თავდასხმა ხორციელდება. ომის ბუნება ახლა ისეთია, რომ აგრესორიც დაზარალდება. ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. ქვეყნების ხელმძღვანელობების სიძლიერეს შეუძლია, და ვალდებულიცაა, უზრუნველყოს დეესკალაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა” ,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაწერა: “უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა, სამწუხაროდ, დაკარგა კონტროლი დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე. მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქდა და სულ მცირე დროით მაინც, მწყობრიდანაა გამოსული. ეს აბსურდული და უსასრულო ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო იტანჯება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება, რომელთა უმეტესობაც ჯარისკაცია. რა სირცხვილია!”


















