ზელენსკი: თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, მან დღესვე უნდა წარმოადგინოს თავისი გეგმა

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღესვე უნდა წარმოადგინოს თავისი გეგმა რუსეთთან ომის სწრაფად დასრულების შესახებ, თუკი მას ის აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg Television-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება European Pravda.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო წინადადებამ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა თავიდან უნდა აიცილოს.

„თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, მან დღეს უნდა გვითხრას ამის შესახებ. თუ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის რისკები არსებობს, თუ ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, გვინდა, მზად ვიყოთ ამისთვის, გვინდა, ვიცოდეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასავლელი მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების შეფერხებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „პოტენციურად მზად არის“, შეხვდეს ტრამპს, რათა მისი გუნდის წინადადებები მოისმინოს.

„მათ არ შეუძლიათ ჩემი, ჩვენი ხალხისა და ჩვენი შვილების ცხოვრების დაგეგმვა. გვსურს, გავიგოთ, გვექნება თუ არა აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა ნოემბერში, თუ სრულიად მარტოები ვიქნებით“, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ უარყო მოსაზრება, რომ უკრაინისა და რუსეთის ჯარები ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდნენ. მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ცოცხალი ძალის მხრივ უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყვნენ და ახალი შეტევა მათი ბრიგადების შეიარაღების საკითხია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ წელს დამტკიცებული დახმარებით გათვალისწინებულ სამხედრო აღჭურვილობას ფრონტამდე მისაღწევად დიდი დრო დასჭირდა.

„ეს არის ამ ომის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომ გადაწყვეტილებასა და რეალურ ფაქტს შორის ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხნის ლოდინი გვიწევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენს უსწრებს, ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დასრულებას იანვარში მის ინაუგურაციამდე შეძლებს.

banner
წინა სტატიაშიოლაფ შოლცი – გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში