უკრაინასა და აშშ-ს ძლიერი ურთიერთობა აქვთ, აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. უკრაინა უკან არ იხევს და მზადაა, შეთანხმებას ხელი მოაწეროს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ უკან არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ვიყოთ თანმიმდევრული, რაც არ უნდა მომხდარიყო ადრე, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ. თუ შევთანხმდით, რომ მინერალების შეთანხმებას ხელი მოეწერება, ჩვენი მხრიდან მზად ვართ, მოვაწეროთ ხელი. გულწრფელად ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატებიც მზად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სჯერა, რომ აშშ-თან ურთიერთობა გაგრძელდება, რადგან უკრაინას წარმატება სჭირდება.
„უკრაინის მარცხი არა მხოლოდ პუტინის წარმატება იქნებოდა, არამედ ევროპისა და ამერიკის მარცხი. მე ვფიქრობ, ჩვენ, ყველა დაინტერესებული ვართ, არ დავუშვათ პუტინის გამარჯვება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია იქნებოდა ძლიერი უკრაინული არმია ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე.
„უსაფრთხოების გარანტია შეიძლება მოიცავდეს ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული ფორმით ყოფნას სხვადასხვა ფორმატში. შეგვიძლია, ვისაუბროთ საჰაერო თავდაცვაზე, დაზვერვაზე და სხვა საკითხებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ აშშ-ს „დიდი გამოცდილება აქვს“.
მისივე თქმით, მომდევნო კვირებში დაგეგმილია მეტი შეხვედრა და იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები „უფრო ნათელი“ გახდება.
„ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დახმარება მოდის იარაღის სახით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ადრე დაამტკიცა. გვსურს, ახალი დახმარების იმედიც გვქონდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ ეს დახმარება შეწყდება, ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვის იქნება სასარგებლო.
„ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა აშშ-თან გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე ურთიერთობა. ჩვენ ღია უნდა ვიყოთ. უკრაინა არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში, მაგრამ ყველას შეუძლია, დაინახოს, როგორ იბრძვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. მე ვმუშაობ ჩემს გუნდთან ერთად ნებისმიერ გამოწვევაზე, რათა არ იყოს რაიმე სიურპრიზები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, საჭიროა პარტნიორებთან ღიად საუბარი, თუმცა არა იმდენად, რომ მტერმა ამ ინფორმაციის გამოყენება თავის სასარგებლოდ შეძლოს.
„პარტნიორებს შორის ღია საუბრები მნიშვნელოვანია. ეს არის კონსტრუქციული, ერთმანეთის პოზიციების ცოდნა. ასეთი ღია საუბრები უნდა მოხდეს, მაგრამ არ მგონია სწორი, რომ ასეთი საუბრები სრულად ღია იყოს, რადგან ემოციებსა და ინფორმაციას მტერი აუცილებლად გამოიყენებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ომის დასრულებამდე „ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი“.
„ამისთვის უნდა იყოს ძალიან კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად. ჩვენთვის ეს იქნება დროებითი ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ღირებულებები არ იყიდება. ჩვენი თავისუფლება არ იყიდება. ჩვენ ვიხდით მაღალ ფასს იმისთვის, რომ რუსეთმა ეს თავს მოგვახვია“, – განაცხადა ზელენსკიმ.