უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი თითქმის ერთი თვეა ელოდება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთისგან Patriot-ისა და NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდების დასტურს.
ზელენსკის თქმით, მან გამართა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც პარტნიორებისგან იარაღის მოწოდებისა და რუსული დარტყმების შემდეგ ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხები განიხილეს.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მთავარსარდალმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მომახსენეს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების, პირველ რიგში კი Patriot-ის მოწოდების საკითხზე. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ — აშშ-თან, ევროპასა და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტების მარაგები გააჩნიათ.
კერძოდ, უკვე თითქმის ერთი თვეა ველოდებით, როდის დაამტკიცებს ბატონი ჰეგსეთი Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემების რაკეტების მოწოდებას. ჩვენს გუნდს დავავალე, ეს საკითხი ამერიკულ მხარესთან კიდევ ერთხელ დაეყენებინა“, — აცხადებს ზელენსკი.

















