უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, საქართველოსთან, სომხეთსა და სლოვაკეთთან ურთიერთობებში რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება განბლოკილია.
ზელენსკის კომენტარს უკრაინული მედია ციტირებს იმ კომენტარზე დაყრდნობით, რომელიც მან ტელეკომპანია ICTV-ს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მისცა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სომხეთში ბოლო 24 წლის განმავლობაში ამ დონის პირველი ვიზიტია, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. ერევანში ზელენსკიმ ასევე გამართა მოლაპარაკებები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან. საუბრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ თვეში მთავრობათაშორის კონსულტაციებს გამართავენ.
„დიპლომატები ახლა გადაწყვეტენ, ეს იქნება ბრატისლავა თუ კიევი. ყველა მინისტრი იქნება წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვანია; უკვე იქნება კონკრეტული საკითხები, თანამშრომლობა. ამასაც კარგ სიგნალად მივიჩნევ“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, სამიტის ფარგლებში ზელენსკი პირველად შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„ჩვენ ასევე ცოტა ვისაუბრეთ პირისპირ საქართველოს პრემიერმინისტრთან, დიდი ხნის შემდეგ პირველად. მჯერა, რომ ესეც სწორი ნაბიჯია“, – ასე შეაფასა ზელენსკიმ შეხვედრა.“ | წერს українська правда
















