„საჭიროა ზეწოლა რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის ყველა სეგმენტზე — სანქციები უნდა გაფართოვდეს“, — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სწორედ ასეთი ზეწოლა შეუწყობს ხელს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების რაოდენობის შემცირებას.
„მიმდინარე კვირაში თავდასხმის ქვეშ ჩვენი 16 რეგიონი მოექცა. რუსებმა 1 900-მდე დრონი, 1 600-მდე საჰაერო ბომბი და 144 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, გაუშვეს. სუმის ოლქი საჰაერო ბომბებით დაიბომბა; ბროვარში დრონის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა; ხარკოვი და ხარკოვის ოლქი კი მუდმივი იერიშების ქვეშაა. ღამით რუსეთმა ასევე დაბომბა ოდესის, ზაპოროჟიესა და დნიპროს ოლქები. თავდასხმების შედეგად მიმდინარე კვირაში 1 500-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის ასობით საცხოვრებელი სახლი.
რუსული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ამ თავდასხმების მხარდაჭერაზე მუშაობს — დრონების, რაკეტებისა და მართვადი საჰაერო ბომბების კომპონენტების წარმოებით — ჯერ კიდევ არ არის სანქცირებული. სწორედ ამიტომ, აგრესორი სულ უფრო მეტ რესურსს დებს ბალისტიკური იარაღის განვითარებაში და წარმოების გაზრდას ცდილობს. საჭიროა ზეწოლა რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის ყველა სეგმენტზე, რადგან სწორედ ეს შეუწყობს ხელს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმების შემცირებას. სანქციები უნდა გაფართოვდეს და ეფექტურად იმუშაოს“, — წერს ზელენსკი.

















