ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებზე მიზანმიმართული საჰაერო იერიშები განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს დემონსტრაციული ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის თვითმფრინავით ჩაფრენის შესაძლებლობას.
ამერიკელი დიპლომატების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ვიზიტი, რომლებიც ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან და ომის დასრულების გეგმის წარდგენას გეგმავენ, სწორედ კიევში უნდა გაგრძელდეს.
ზელენსკის თქმით, გასული ღამე უკრაინის სხვადასხვა რეგიონისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან აეროპორტების დაბომბვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პირველად მოხდა.
„რუსულ-ირანული „შაჰიდები“ ამერიკული დიპლომატიის საპასუხოდ. ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთის ეს ნაბიჯი და მომავალ კვირას შესაბამისად შევცვლით ჩვენს ოპერაციას რუსეთის საჰაერო სივრცეში, რომელიც დრონებისა და რაკეტების არსებობის გამო სახიფათო გახდა. ჩვენი მხრიდან დიპლომატიისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც იქნება. უკრაინა დაინტერესებულია მშვიდობის დაახლოებით. რუსეთი პასუხს აგებს იმაზე, რასაც აკეთებს“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გეგმავენ კიევში გამგზავრებას, სადაც უკრაინის ხელისუფლებასთან სამშვიდობო გეგმის დეტალები უნდა განიხილონ.








