რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დილით კიევში რუსული „შაჰიდის“ ტიპის დრონი ჩრდილოეთის ხიდს დაეჯახა, ხოლო ღამის განმავლობაში თავდასხმის სამიზნე გახდა საცხოვრებელი სახლები, რკინიგზა და ენერგეტიკული ობიექტები სხვადასხვა რეგიონში. ამასთან, ქალაქ ჩორნომორსკში დრონმა დარტყმა მიაყენა გემს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები აგრესორის იერიშებს უპასუხოდ არ ტოვებენ. მისი განცხადებით, უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა შეიარაღებამ ეფექტურად იმოქმედა მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტებზე — საპასუხო დარტყმებმა მიაღწია რუსეთის სამარის რეგიონს, ბრიანსკის ოლქში მდებარე „ისკანდერების“ პოზიციებსა და შავ ზღვას.
„რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავისი არაადეკვატური ესკალაცია“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა სამხედრო ქვედანაყოფებს სიზუსტისა და სისტემური მუშაობისთვის.








