ზელენსკი: რაკეტაში, რომელიც კიევს ესროლეს, ამერიკული დეტალებია აღმოჩენილი

ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა, რომლითაც რუსულმა ძალებმა 24 აპრილს კიევზე საჰაერო იერიში განახორციელეს, სულ მცირე 116 კომპონენტს შეიცავს, რომლებიც სხვა ქვეყნებშია წარმოებული. მათი უმეტესობა ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნის, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ში დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„რუსეთზე არასათანადო ზეწოლის შედეგად ის მსგავსი რაკეტების და სხვა შეიარაღების იმპორტს ახორციელებს და მათ აქ, ევროპაში იყენებს. ჩრდილოეთ კორეაზე არასათანადო ზეწოლა შესაძლებელს ხდის ასეთი ბალისტიკური რაკეტების წარმოებას“, – დაწერა ზელენსკიმ.

ბოლო ინფორმაციით, კიევზე 23-24 აპრილს ღამით მომხდარ საჰაერო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა და 90 დაიჭრა. 30 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთმა კიდურები დაკარგა.

Reuters-ის ცნობით, სარაკეტო იერიშის დროს ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა, KN-23A იყო გამოყენებული. ის კიევის სვიატოშინსკის რაიონში, საცხოვრებელ სახლს მოხვდა. უკრაინული პორტალის, Defense Express-ის ცნობით, წინა იერიშების დროს, რამდენიმე მსგავსი რაკეტა მიზანს ასცდა, მაგრამ ახლა მასში, სავარაუდოდ, რუსმა სპეციალისტებმა ცვლილებები შეიტანეს და რაკეტები უფრო ზუსტი გახდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი უკრაინისგან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი რომის პაპის დაკრძალვის წინ ზელენსკის შეხვდა