ზელენსკი – პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან განახლდება, თუმცა პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მიზანი იცვლება. როგორი ჰიბრიდულიც არის ომი, ასეთივე ჰიბრიდული იქნება მშვიდობაც და შეხვედრები. დღეს რომ ვხვდებოდეთ ერთმანეთს, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა, ორ-სამ თვეში კი ეს საკითხი შეიძლება აღარ იყოს, ან იყოს ნაწილობრივ. ომის დასაწყისშივე რომ შევხვედროდით, მიზანი მაინც სხვა იქნებოდა. დღეს რომ ვხვდებოდეთ, ვიცით, რა ნაწილია ოკუპირებული და რა დეოკუპირებული და ამაზე ვისაუბრებდით. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომის შეჩერების მიზნით, ახლა მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის, დეოკუპაციისა და მშვიდობის საკითხის მოგვარება.

„დღეს, როდესაც არის ესა თუ ის სპეციფიკა და გვესმის საფრთხეები და რისკები, ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა რუსეთზეც ბევრია დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები: გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და გვინდა, დავასრულოთ ეს ომი, მაგრამ როდის იქნება ეს ყოველივე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გაიმართება საუბარი პუტინთან. არ ვიცი, რა ფორმატში გაიმართება: შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე თუ ორმხრივი საუბარი, თუმცა გაიმართება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინა თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს უსაფრთხოების გარანტიის ხელშეკრულებაზე, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის ჩართვას.

„უსაფრთხოების გარანტიები – ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მნიშვნელოვანი შეთანხმება და მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ ფურცელზე, არამედ იყოს რეალობა და დაგვეხმაროს მომავალში. დღეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს უკრაინის ირგვლივ არსებული პარტნიორი ქვეყნების წრეს, რუსეთის გარეშე.,უსაფრთხოების გარანტორები რუსეთის გარეშე. ბუჩამ რაღაცები შეცვალა. დრო ცვლის ყველაფერს. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ პროექტი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი რატიფიცირებული იყოს ყველა გარანტორი ქვეყნის პარლამენტის მიერ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

წინა სტატიაშიზელენსკი – „აზოვსტალიდან“ მებრძოლების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ – მათ შინ წამოვიყვანთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა