უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვს ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება არ სურს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იმ სანქციებისთვის, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს იღებს მიზანში:
„სულ უფრო თვალსაჩინოა, რომ რუსეთს არ სურს შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება და აპირებს თავისი ტერორისტული საჰაერო დარტყმების გაგრძელებას ჩვენი ხალხისა და დასახლებების წინააღმდეგ“, — აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსულ კომპანიებზე — განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებისა და „შაჰედების“ მწარმოებლებზე — ზეწოლის გაზრდა აუცილებელი ნაბიჯია ომის დასასრულებლად:
„მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში 6 ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს. ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაშავდა. ეს ხდება, როდესაც რუსეთი თავისი ომის მანქანისთვის უფრო მაღალი შემოსავლების პერსპექტივას ხედავს. შესაბამისად, მეტი ზეწოლა რუსულ კომპანიებზე სწორი და აუცილებელი სიგნალია, თუ სერიოზულად ვუდგებით რუსეთის ომის დასრულებას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს იმაზე, რომ ძალის მეშვეობით მშვიდობა შესაძლებელი გახადოს“, — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

















