ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, მის ადმინისტრაციას, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის სასწრაფო საჭიროებებს ითვალისწინებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალა აუცილებელია, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად.
„ვაფასებ პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებების შესრულებას. ჩვენ ველით, რომ კონგრესი დამატებით დაფინანსებას რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცებს, რათა ჩვენი საერთო გამარჯვებისკენ წინსვლაში დაგვეხმაროს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.