უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია და პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეებმა ემირატებში უსაფრთხოების მდგომარეობა, ირანის მხრიდან დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის საკითხი განიხილეს, რაც, მისივე თქმით, ნავთობის გლობალურ ბაზარზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
„უკრაინისთვის ეს ასევე პრინციპის საკითხია: ტერორმა მსოფლიოს არცერთ წერტილში არ უნდა გაიმარჯვოს. ყველგან საკმარისი დაცვა უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ღია ვართ ერთობლივი მუშაობისთვის, რაც, სტრატეგიული პერსპექტივიდან, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებში სიცოცხლის დაცვას.
ჩვენ განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უსაფრთხოების მდგომარეობა, ირანული დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ნავთობის გლობალურ ბაზარზე. ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის უზრუნველყოფა და სიცოცხლის დაცვა დღევანდელი საფრთხეების ფონზე. უკრაინას ამ სფეროში შესაბამისი გამოცდილება აქვს – ჩვენი ქალაქები, სამწუხაროდ, უკვე ოთხი წელია, სრულმასშტაბიანი ომის პირობებში ყოველდღიური თავდასხმების ქვეშ არიან. უკრაინელებმა შეიმუშავეს შესაბამისი დაცვის სისტემა, რომელიც მტრის დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების მნიშვნელოვან მაჩვენებელს უზრუნველყოფს. სწორედ ეს სისტემური მიდგომა და დაგროვილი გამოცდილების ინტეგრაციაა ის, რასაც ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ. მადლობელი ვარ შეხვედრისთვის და ერთად მუშაობის მზადყოფნისთვის. ჩვენ შევთანხმდით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენი გუნდები საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე.“
უკრაინის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კიევი ეხმარება ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ხუთ ქვეყანას – არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ქუვეითსა და იორდანიას – მათ ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში.















