14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ზელენსკი: იარაღმა, რომლის ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ, არაერთი შემოწმება გაიარა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მსოფლიოში იარაღის ექსპორტს იწყებს. იარაღმა, კი რომლის ექსპორტზე გატანასაც უკრაინა გეგმავს, არაერთი შემოწმება გაიარა.

„გაფართოებული შეხვედრა გავმართე უკრაინული იარაღის ექსპორტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. უკრაინული იარაღის ექსპორტი რეალობად იქცევა – ჩვენ დავამტკიცეთ ყველა დეტალი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე. ამჟამად, ჩვენი უსაფრთხოების ექსპერტიზა და იარაღი, რომელიც გამოცდილია თანამედროვე ომში, საინტერესოა ყველა პარტნიორისთვის, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის რეალური დონე. ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, თანამშრომლობის სპეციალური ფორმატი – დრონების გარიგებები – სპეციალური შეთანხმებები ჩვენი დრონების, რაკეტების, საბრძოლო მასალის და სხვა მოთხოვნადი იარაღის, სამხედრო ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებასა და მიწოდებაზე, პარტნიორების თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციაზე, ასევე ჩვენი ექსპერტიზისა და უკრაინისთვის საჭირო ტექნოლოგიური გაცვლის უზრუნველყოფაზე. დღეს მე დავამტკიცე ამ სახელმწიფოთაშორისი სამუშაოს სფეროები და იარაღის ექსპორტთან დაკავშირებული ბიზნესისთვის ავტომატური ნებართვების შემუშავება“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკის განმარტებით, კიევის მიზანია, ისე შეარჩიოს პარტნიორი ქვეყნები, რომ უკრაინიდან ექსპორტირებული იარაღი საბოლოოდ რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს.

ზელენსკის განცხადებით, პირველ რიგში, უკრაინის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება იარაღის სხვა ქვეყნებში ექსპორტირება.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, ჩვენს სადაზვერვო სამსახურებთან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, განსაზღვრონ იმ ქვეყნების სია, სადაც ჩვენი იარაღის ექსპორტი შეუძლებელია აგრესორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გამო. სერიოზული გამოწვევაა, თავიდან ავიცილოთ ჩვენი ტექნოლოგიებისა და იარაღის რუსეთის ხელში მოხვედრა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო კოორდინაციას გაუწევს ექსპორტის პროცესებს და იმოქმედებს, როგორც გარანტი, რომ, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების საჭიროებები, ხოლო ექსპორტი განხორციელდება მხოლოდ ჭარბი წარმოების შემთხვევაში, რისი წარმოებაც მწარმოებლებს შეუძლიათ უკრაინაში სახელმწიფო დაკვეთის მიღმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი განსაზღვრავენ ჩვენი თავდაცვის ძალების საჭიროებებს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: დღევანდელ წმინდა სინოდის სხდომაზე „ჩატარდა სპეცოპერაცია, საკმაოდ კარგად გათვლილი კომბინაციით“
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰეზბოლას“ ორი მთავარი გვირაბი აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ