ზელენსკი – გვეამაყება ჩვენი წინაპრების, რომლებმაც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებთან ერთად, ნაციზმი დაამარცხეს, ამ გამარჯვების მიტაცების უფლებას არავის მივცემთ

გვეამაყება ჩვენი წინაპრების, რომლებმაც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებთან ერთად, ნაციზმი დაამარცხეს. ჩვენ არავის მივცემთ ამ გამარჯვების მიტაცების უფლებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77 წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი იმედოვნებდა, რომ უკრაინა უარს იტყოდა 9 მაისის აღნიშვნაზე და სიტყვა „დენაციფიკაცია“ მნიშვნელობას შეიძენდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნაციზმის წინააღმდეგ მილიონობით უკრაინელი იბრძოდა და მათ ნაცისტები განდევნეს ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ხერსონიდან და მელიტოპოლიდან, ასევე მარიუპოლიდან და ყირიმიდან.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ისევ შეძლებს ოკუპანტების განდევნას აღნიშნული ქალაქებიდან.

„ნაციზმე გამარჯვების დღეს, ჩვენ ვიბრძვით ახალი გამარჯვებისთვის. ეს გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. რა არის ჩვენი უპირატესობა მტერზე? ჩვენ წინ ვართ ერთი წიგნით. ეს არის უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელო. ჩვენ ვიბრძოდით სხვადასხვა ომში, მაგრამ ყველას ერთი დასასრული ჰქონდა. ჩვენს მიწაში დათესეს ტყვიები და ჭურვები, მაგრამ აქ ფესვები ვერც ერთმა მტერმა ვერ გაიდგა. ჩვენს ცაზე დაფრინავდნენ რაკეტები, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო, გადაეფარა ჩვენი ლურჯი ცა. არ არსებობს დამპყრობელი, რომელიც შეძლებს ჩვენი ერის მართვას. ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ზოგიერთი იბრძვის მამა მეფისთვის, ფიურერისთვის, პარტიისთვის ან უფროსისთვის, ჩვენ კი ჩვენი სამშობლოსთვის ვიბრძვით. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ გვიბრძოლია, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ჩვენი წინაპრების ბრძოლას ამაოდ არ ჩაუვლია. ისინი ჩვენთვის იბრძოდნენ და გაიმარჯვეს. ჩვენ ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის ვიბრძვით და გავიმარჯვებთ. არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არც ერთი არ ექნება. მაშინ მოვიგეთ, ჩვენ ახლა გავიმარჯვებთ. და ხრეშჩატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს – უკრაინის გამარჯვებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიარესტოვიჩი – უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია გენოციდით არის დაკავებული
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი ვლადიმერ პუტინს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში